თბილისის შემოვლითი გზის, ავჭალა-აეროპორტის, 4-ზოლიანი მონაკვეთის მშენებლობაზე 932 მლნ ლარის ტენდერი გამოცხადდა
თბილისის შემოვლითი მაგისტრალური გზის მესამე ლოტის - ავჭალა–აეროპორტის 22.5-კილომეტრიანი მონაკვეთის სამშენებლო სამუშაოებზე საერთაშორისო ტენდერი გამოცხადდა.
საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ტენდერი მოიცავს ორი მონაკვეთის მშენებლობას: ავჭალა–გლდანის 5.8-კილომეტრიან და გლდანი–აეროპორტის 16.7-კილომეტრიან მონაკვეთებს.
პროექტის მიხედვით, გზა იქნება 4-ზოლიანი, 4 სატრანსპორტო კვანძით, 16 ხიდით და 4 პარალელური გვირაბით. მონაკვეთი იწყება ავჭალის სარკინიგზო ხიდის წინ, გრძელდება სამხრეთ-აღმოსავლეთის მიმართულებით და სრულდება დიდი ლილოს შესასვლელთან, ლილოს ბაზრობამდე.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, თბილისის შემოვლითი გზის მესამე ლოტის (ავჭალა–აეროპორტის) მშენებლობის ტენდერით დაინტერესებული კომპანიების წინადადებების მიღება 2026 წლის 11 აპრილს დაიწყება და 15 აპრილს დასრულდება. შესყიდვის სავარაუდო ჯამური ღირებულება კი, 932 023 564 ლარია. პროექტი აზიის განვითარების ბანკის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდება.
„თბილისის შემოვლითი გზა წარმოადგენს აღმოსავლეთ–დასავლეთის საერთაშორისო მაგისტრალის E60-ის საკვანძო ნაწილს, ხოლო მისი მშენებლობა ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან საგზაო ინიციატივას ქვეყნის სატრანსპორტო სისტემის განვითარებაში. პროექტი ერთდროულად ემსახურება როგორც საერთაშორისო სატრანზიტო ფუნქციის გაძლიერებას, ისე დედაქალაქის სატრანსპორტო პრობლემების გრძელვადიან გადაწყვეტას.
თბილისის შემოვლითი გზა (ნატახტარი/წიწამური - რუსთავი) საერთო ჯამში, დაახლოებით 49 კილომეტრია და ოთხ ლოტად არის დაყოფილი. თბილისის შემოვლითი გზის მეორე ლოტის (წიწამური–ავჭალის მონაკვეთის) სამშენებლო სამუშაოებზე საერთაშორისო ტენდერი 2025 წლის დეკემბრის ბოლოს გამოცხადდა“, - ნათქვამია გზების დეპარტამენტის ინფორმაციაში.
ცნობისთვის, თბილისის შემოვლითი გზის პროექტის ოთხი ლოტი შემდეგ ტერიტორიებს მოიცავს: ნატახტარი (წიწამური)-ავჭალის მონაკვეთი; ავჭალა-აეროპორტის მონაკვეთი; აეროპორტი-ლოჭინის უბნის მონაკვეთი; ლოჭინი-რუსთავის მონაკვეთი.