თბილისში ბინები გაძვირდა - როგორია ფასი ძველ და ახალ პროექტებში
2026 წლის იანვარში თბილისში 2 923 ერთეული საცხოვრებელი ბინა გაიყიდა, რაც წლიურად 1.4%-იან ზრდაზე მიუთითებს, - ამის შესახებ „ქოლიერსის“ ბაზრის მიმოხილვიდან ირკვევა.
კვლევის თანახმად, 2026 წლის იანვარში თბილისში 1 კვ.მ-ის საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასი წლიურად 10.5%-ით გაიზარდა და 1 193 დოლარი შეადგინა. აღსანიშნავია, რომ ფასი გაიზარდა როგორც ძველ (+8%), ასევე ახალ (+11.3%) პროექტებში.
უფრო დეტალურად, 2026 წლის იანვარში ახალ პროექტებში 1 კვ.მ-ის საშუალო გასაყიდი ფასი 1 168 დოლარს გაუტოლდა, მაშინ როდესაც 2025 წლის იმავე თვეში 1 049 დოლარი იყო.
ამასთან, მიმდინარე წლის იანვარში ძველ პროექტებში 1 კვ.მ-ის საშუალო ღირებულება 1 327 დოლარს შეადგენდა, ხოლო გასული წლის იმავე პერიოდში 1 229 დოლარს უტოლდებოდა.
„2026 წლის იანვარში თბილისში ახალაშენებული ბინების საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასი 2025 წლის იანვართან შედარებით 10.4%-ით გაიზარდა გარეუბნებში, 12.5%-ით - ქალაქის ცენტრში, ხოლო ფართო ცენტრში 20%-იანი ზრდა დაფიქსირდა. ფართო ცენტრში ახალაშენებული ბინების პირველად ბაზარზე ფასებმა 19.2%-ით მოიმატა, რაც განპირობებულია დეველოპერების მიერ ტრანზაქციების დაგვიანებული რეგისტრაციით, ხოლო ფართო ცენტრის მეორეულ ბაზარზე მხოლოდ 1.2%-იანი ზრდა დაფიქსირდა. ქალაქის მასშტაბით პირველადი ტრანზაქციების საშუალო შეწონილი ფასის ზრდამ 11.1% შეადგინა. მეორეულ ბაზარზე კი საშუალო შეწონილი ფასი ქალაქის მასშტაბით 5.3%-ით გაიზარდა.
2026 წლის იანვარში თბილისში ძველი ბინების საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასი 2025 წლის იანვართან შედარებით 3.8%-ით გაიზარდა გარეუბნებში, ფართო ცენტრში 7.8%-ით, ხოლო ქალაქის ცენტრში კი 8.7%-იანი ზრდა დაფიქსირდა. ქალაქის მასშტაბით ძველ პროექტებში ფასმა 8%-ით მოიმატა“, - ნათქვამია „ქოლიერსის“ კვლევაში.
კვლევის თანახმად, 2026 წლის იანვარში დედაქალაქში საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზრის ზომა 11.7%-ით გაიზარდა და 232 მილიონი დოლარი შეადგინა.