თეგებით ძიება
11. 09. 2016 News-ები

11 სექტემბრის ტრაგედიიდან 15 წელი გავიდა

2001 წლის 11 სექტემბრის ტრაგედიიდან 15 წელი გავიდა. მსოფლიო სავაჭრო ცენტრზე ტერორისტების თავდასხმისას დაღუპულთა და დაშავებულთა ოჯახის წევრები, ამერიკის დანარჩენ მოსახლეობასთან ერთად, გარდაცვლილთა მოსახსენიებლად ნიუ-იორკის წმინდა პატრიკის ტაძართან შეიკრიბნენ.

ქალაქის სახანძრო სამსახურის განყოფილებამ გატაცებული თვითმფრინავების სავაჭრო ცენტრის ცათამბჯენებთან შეჯახებისას დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად ცერემონია გამართა. 15 წლის წინ განვითარებულ მოვლენებს 343 მეხანძრის სიცოცხლე ემსხვერპლა.

ამ დღესთან დაკავშირებით ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ბარაკ ობამამ ვიდეო მიმართვა გაავრცელა. „ტერორისტულმა საფრთხემ ევოლუცია განიცადა ბოსტონიდან ჩატანუგამდე, სან ბერნარდინოდან ორლანდომდე. ამიტომ ავღანეთში, ერაყში, სირიასა და მათ ფარგლებს გარეთ ჩვენ ალ-ქაიდასა და „ისლამური სახელმწიფოს“ მსგავსი ტერორისტული დაჯგუფებების წინააღმდეგ მტკიცედ ვიბრძოლებთ, ჩვენ მათ გავანადგურებთ და ყველაფერს გავაკეთებთ ჩვენი სამშობლოს დასაცავად“, - განაცხადა ბარაკ ობამამ ვიდეო მიმართვაში.

გარდაცვლილთა პატივსაცემად ღონისძიებები მთელი ქვეყნის მასშტაბით იმართება. პარასკევს ვაშინგტონში წარმომადგენელთა პალატის წევრები გარდაცვლილთა ხსოვნის პატივსაცემად შეიკრიბნენ და “God Bless America” შეასრულეს.

2001 წლის 11 სექტემბერს ტერორისტებმა ამერიკის შეერთებული შტატების 4 კომერციული თვითმფრინავი გაიტაცეს, რომლებიც, მოგვიანებით, მსოფლიო სავაჭრო ცენტრის ცათამბჯენებსა და პენტაგონს შეეჯახა. ტერაქტის შედეგად 3 ათასი ადამიანი დაიღუპა.

interpressnews.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა