თეგებით ძიება
18. 09. 2016 News-ები

გიორგი მარგველაშვილი მოსალოდნელ დესტაბილიზაციაზე

ნათლად მინდა გითხრათ, რომ მე ასეთ პარტიას ვერ ვხედავ, - ასე უპასუხა პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა შეკითხვას, რამდენად შესაძლოა რომელიმე პოლიტიკური ძალა საქართველოში დესტაბილიზაციას და არეულობას გეგმავდეს.
როგორც ქვეყნის პირველმა პირმა „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა, „თავქარიანი ტიპები“ ყველა პარტიაში არიან. „ნებისმიერ პოლიტიკურ ძალაში არსებობენ ადამიანები, რომლებიც განწყობილები არიან დესტაბილიზაციისკენ, აგრესიისკენ. მეტიც, მეგობრების წრეშიც კი არიან უფრო დალაგებული, მშვიდი და მოაზროვნე ადამიანები და არიან უფრო ფეთქებადი და აგრესიული ადამიანები. ეს პროცესი ასევე არის ნებისმიერ პოლიტიკურ ძალაში - არიან უფრო დალაგებული, მშვიდი მოაზროვნეები, რომლებიც სტრატეგიულად აზროვნებენ და პოლიტიკურ კონტექსტში ხედავენ პროცესს და არიან უფრო თავქარიანები და ერთხელ მე ვახსენე, მოძველბიჭო ელემენტებიც. ეს პროცესი და დინამიკა ყველგან არსებობს და სრულიად შესაძლებელია, ასეთი დინამიკა არსებობდეს დღესაც ამა თუ იმ ჯგუფში. შესაბამისად, მე არ მინდა რომელიმე პოლიტიკურ ძალას რაიმე ბრალდება წავუყენო, მაგრამ ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ არაერთგვაროვანია ნებისმიერი პოლიტიკური ჯგუფი - არიან ხოლმე ასეთი, თავქარიანი ტიპაჟები - ყველგან არიან და ვერავინ მეტყვის, რომ მათში არ არის ასეთი ადამიანი“, - განაცხადა პრეზიდენტმა.
გიორგი მარგველაშვილის თქმით, ნებისმიერ ძალადობას, რომელიც პოლიტიკურ პროცესში გამოვლინდება, სჭირდება ძალიან პრინციპული და ადეკვატური პასუხი. „მეტიც, თუ არ იქნება ადეკვატური პასუხი, ჩვენ გარკვეულწილად ხელს გავუხსნით და წავახალისებთ იმ პოლიტიკურ პარტიებშივე ასეთი ტიპების წინ წამოწევას. ჩვენ პოლიტიკური სისტემის სტაბილურობა იმით უნდა ვუზრუნველყოთ, რომ სწორედ მშვიდ, მოაზროვნე პოლიტიკოსებს მივცეთ შესაძლებლობა და შიგნით არ გაჩნდნენ ელემენტები, რომლებიც იფიქრებენ, რომ თურმე პოლიტიკა არის მუშტი-კრივი... პოლიტიკურ პროცესში ყველა უნდა შევეცადოთ, ასე ვთქვათ, თავქარიანი დაჯგუფებების გაკონტროლებას. ეს პირველ რიგში უნდა გააკეთოს სახელმწიფომ“, - აღნიშნა პრეზიდენტმა.

interpressnews.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა