"შემაჯამებელი ოქმების დაჯამება აღარაფერს ცვლის, რადგან მანამდე მოხდა პრობლემები" - ISFED-ის გენერალური დირექტორი
"სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების" (ISFED) აღმასრულებელი დირექტორი, ნინო დოლიძე აცხადებს, რომ "შემაჯამებელი ოქმების შედეგად დამდგარი შედეგები არ ასახავს არჩევნების შედეგებს და არ ასახავს ქართველი ხალხის ნებას". ნინო დოლიძე მიზეზად შემაჯამებელი ოქმების შედგენამდე არსებულ პრობლემებს ასახელებს.
"დარღვევების ერთობლიობის შედეგად ჩვენ ვფიქრობთ, რომ შემაჯამებელი ოქმების შედეგად დამდგარი შედეგები არ ასახავს არჩევნების შედეგებს და არ ასახავს ქართველი ხალხის ნებას, რადგან ყველა ის პრობლემა, რაც ვიხილეთ, დაკავშირებული იყო შემაჯამებელი ოქმების შედგენამდე და უკვე იმ შემაჯამებელი ოქმების დაჯამება აღარაფერს ცვლის, იმიტომ, რომ მანამდე მოხდა ეს პრობლემები. შესაბამისად, ეს დაჯამებული ოქმები არ ასახავს ამომრჩევლის ნებას", - აცხადებს ნინო დოლიძე.
შეგახსენებთ, რომ ISFED-ის შემაჯამებელი განცხადების მიხედვით, მათ მიერ ჩატარებული ხმების პარალელური დათვლის შედეგები შეესაბამება ცესკოს მიერ გამოცხადებულ მონაცემებს. ტექსტში ასევე აღნიშნულია, რომ "წინასაარჩევნო პერიოდში გამოვლენილ დარღვევებს შესაძლოა გავლენა მოეხდინა ამომრჩევლის თავისუფალ ნებაზე", რის გამოც შედეგები, სავარაუდოდ, ვერ ასახავდა რეალურ სურათს.