რუსეთი საქართველოში ჩატარებულ არჩევნებში არ ჩარეულა - პესკოვი
რუსეთი კატეგორიულად უარყოფს ნებისმიერ ბრალდებას, რომ ის საქართველოში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებში ჩაერია. ამის შესახებ ვლადიმერ პუტინის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა. ინფორმაციას „ეხო კავკაზა“ ავრცელებს.
„ჩვენ ამ ბრალდებებს კატეგორიულად უარვყოფთ. ეს სტანდარტული ხრიკია ბევრ ქვეყანაში. სტანდარტულად რუსეთს არჩევნებში ჩარევაში ადანაშაულებენ. მაგრამ ეს ასე არ არის. არანაირი ჩარევა არ ყოფილა. ეს განცხადებები დაუსაბუთებელ ხასიათს ატარებს“, - განაცხადა დიმიტრი პესკოვმა.
არჩევნების შედეგების კომენტირებისას პესკოვმა მას "ქართველი ხალხის არჩევანი“ უწოდა.
პესკოვმა ასევე კომენტარი გააკეთა საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებაზე, რომ ის საპარლამენტო არჩევნებს არ აღიარებს. პესკოვის თქმით, მან არ იცის, შედის თუ არა საპარლამენტო არჩევნების აღიარება საქართველოს პრეზიდენტის კომპეტენციაში.