2012 წელს მე-8 ადგილზე ვიყავით და ახლა უნდა გვიხაროდეს, რომ მე-16 ადგილზე ვართ?
მსოფლიოში პირველი რეფორმატორი ქვეყნის იმიჯი დავკარგეთ, რაც საინვესტიციო მიმზიდველობას ზრდიდა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” საგარეჯოს მაჟორიოტარი დეპუტატობის კანდიდატმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა განუცხადა.
ჭიაბერაშვილი ბიზნესის კეთების კუთხით მსოფლიო ბანკის რეიტინგში საქართველოს პოზიციის 23-ე ადგილიდან მე-16-ზე გადმონაცვლებას გამოეხმაურა, თუმცა აღნიშნა, რომ 2012 წელთან შედარებით რეიტინგი გაუარესებულია, რადგან მაშინ ქვეყანა მე-8 ადგილზე იყო.
მისივე შეფასებით, საქართველომ პირველ ათეულში ადგილი მთავრობის მიერ გატარებული პოლიტიკის გამო დაკარგა.
მისივე თქმით, ქვეყანაში ეკონომიკური კრიზისია და საკმარისი რაოდენობის ინვესტიციები არ შემოდის.
“ივანიშვილის მთავრობის მავნებლური პოლიტიკის შედეგად, პირველ ათეულში ადგილი დავკარგეთ. შეგახსენებთ, 2012 წელს მე-8 ადგილზე ვიყავით და ახლა უნდა გვიხაროდეს, რომ მე-16 ადგილზე ვართ? სამწუხაროდ, 2012 წელთან შედარებით უკან ვართ და ივანიშვილის მთავრობის პირობებში პროგრესიც არაა მოსალოდნელი. ის, რომ 24 ადგილიდან 16 ადგილზე გადავინაცვლეთ, ესეც ჩვენი მთავრობის რეფორმების ინერციის შედეგია. ბოლო 4 წელი მოსახლეობა თავის ჯიბეზე გრძნობს ყველა მიმართულებით გაუარესებას. მსოფლიოში პირველი რეფორმატორი ქვეყნის იმიჯი დავკარგეთ, რაც საინვესტიციო მიმზიდველობას ზრდიდა. ამას ეჭირა ლარიც და ეკონომიკა წინ მიდიოდა. ეს ნიშნავს, რომ ქვეყანაში გვაქვს ეკონომიკური კრიზისი და ინვესტიციები საკმარისი რაოდენობით არ შემოდის”, - განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.