ორ კანონს თუ გავაუქმებთ, არჩევნები სამართლიანი და ლეგიტიმური გახდება?! - ქადაგიძე ბორელის განცხადებაზე
„ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე ევროკავშირის წარმომადგენლის, ჯოზეფ ბორელის განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმიანება:
„ძალიან მარტივად - ანუ, ეგ ორი კანონი რომ არ იყოს, მაშინ არჩევნებს აღიარებდა ევროკავშირი, ანუ, სამართლიანი და ლეგიტიმური გახდებოდა ის უსამართლო, მოსყიდული და ბუნდოვანებით მოცული საარჩევნო გარემო, რასაც თუთიყუშებივით ამეორებინებთ თქვენ ქართველ ხელქვეითებს?!
რა ვიცი, მეტად როგორ უნდა დაგასაქმონ თავზე პატრონებმა?!
მეგონა, მთელი ოპოზიცია ხელისუფლებაში მოსვლაზე და უსამართლო არჩევნებზე იბრძოდით, აპროტესტებდით და თურმე, ისე დაგახურდავებენ თქვენივე პატრონები საკუთარ ინტერესებზე, რომ ხვალვე წაგაღებინებენ უკან პროტესტს, თუკი გააუქმებს „ქართული ოცნება“ გამჭვირვალობის და ოჯახური ღირებულებების კანონს.
თუმცა, რა გასაკვირია - აგენტს რა დავალებასაც მისცემენ, იმას იზამს და რომელი ხართ ოპოზიციიდან წინააღმდეგობის გამწევი?!“ - წერს ქადაგიძე.
ცნობისთვის, ჯოზეფ ბორელმა განაცხადა - „გთავაზობთ მკაფიო გზას ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე ხელახალი ჩართულობისთვის – გაუქმდეს უცხოური გავლენის შესახებ კანონი, რომელსაც სამოქალაქო საზოგადოებასა და მედია ორგანიზაციაზე უარყოფითი ეფექტი აქვს, ასევე კანონი ე.წ. ოჯახური ღირებულებების შესახებ“.