ვრჩები ჩემს ძალიან მყარ აზრზე, რომ პარლამენტში შესვლა ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება იყო
მესმის ზოგიერთი თანაგუნდელის, თუ ლიდერის გაღიზიანება, მაგრამ ვრჩები ჩემს ძალიან მყარ აზრზე, რომ პარლამენტში შესვლა ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება იყო, - ამის შესახებ ჟურნალისტებს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" საერთაშორისო ურთიერთობათა მდივანმა გიგა ბოკერიამ მიხეილ სააკაშვილის განცხადებაზე კომენტირებისას განუცხადა.
"მე კარგად მესმის ჩემი ზოგიერთი თანაგუნდელის, ლიდერის, თუ მხარდამჭერის ემოცია და გაღიზიანებაც კი, მაგრამ ვრჩები ჩემს ძალიან მყარ აზრზე, რომ მიუხედავად ძალადობრივი და არათავისუფალი არჩევნებისა, ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება იყო მეორე ტურებში ბრძოლა და პარლამენტში შესვლა ამ ისტორიულ მომენტში. ეს იყო სწორი გადაწყვეტილება ჩვენი ქვეყნის, ჩვენი პარტიის ინტერესებისთვის და საბოლოო ჯამში, ივანიშვილის რეჟიმის დემოკრატიულად დამარცხების საქმისთვის. სწორედ ასევე მჯერა, რომ ქუჩაში პროცესების გადატანა, ამ ძალადობის მიუხედავად, იქნებოდა უკეთეს შემთხვევაში ორთქლის გამოშვება და არაფერ კარგს არ მოუტანდა არც ქვეყანას ამ კონკრეტულ მომენტში, არც პარტიას და არც ივანიშვილის რეჟიმის დამარცხების საქმეს", - განაცხადა გიგა ბოკერიამ.
ამასთან, იგი არ პასუხობს კითხვას: „ახირებულ ადამიანებში“ მიხეილ სააკაშვილი პერსონალურად გიგა ბოკერიას გულისხმობდა თუ არა.
"მე უკვე მოგახსენეთ კომენტარი იმაზე, რაც მნიშვნელოვნად მიმაჩნია",- აღნიშნა ბოკერიამ.