თეგებით ძიება
17. 01. 2017 News-ები

დიზაინერ თინათინ მაღალაშვილის რჩევები 2017 წლის მოდის ტენდენციებთან დაკავშირებით

gogaggg.tv-ს სტუმარია დიზაინერი თინათინ მაღალაშვილი. იგი წლებია, რაც წარმატებით უძღვება მოდის სახლს "თინათინ მაღალაშვილი", ხშირად მონაწილეობს საზღვარგარეთ მოდის კვირეულებში და მუდმივად ჩართულია საქართველოში საქველმოქმედო ღონისძიებებში. ამ და სხვა საინტერესო თემებთან დაკავშირებით gogaggg.tv-მ სპეციალურად მიმართა დიზაინერს.

1. საახალწლოდ, ხშირად მოუწოდებდით კეთილ ადამიანებს, რომ აქტიურად ჩართულიყვნენ პროექტში "წერილები თოვლის პაპას 2017". გვიამბეთ პროექტის შესახებ.
პროექტი "წერილები თოვლის პაპას" 5 წლის წინ დავიწყეთ ჩვენი ფონდის - "საქმიანი ქალები ქველმოქმედებისათვის" ეგიდით, თამთა დემურიშვილის ინიციატივით, რომელიც იმ დროს იაშვილის სახელობის კლინიკაში ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებზე ზრუნავდა. პროექტი პირველივე წელს ძალიან წარმატებული აღმოჩნდა და გადავწყვიტეთ, მომდევნო წლებშიც გაგვეგრძელებინა, ამიტომ თანდათან ჩავრთეთ "ბერი ანდრიას ფონდის" მფარველობის ქვეშ მყოფი სიმსივნით დაავადებული ბავშვები, სოციალურად დაუცველი ოჯახები, ძუძუს კიბოთი დაავადებული დედების შვილები და მზრუნველობას მოკლებული მოხუცები. მეოთხე წელს, პროექტი კიდევ უფრო მასშტაბური აღმოჩნდა და ჩვენი მეგობრების, თანამოქალაქეების, ქალაქ თბილისის მერიის, ქართველი ემიგრანტებისა და უბრალოდ, კეთილი ადამიანების დახმარებით 400-მდე ბავშვის საახალწლო სურვილების ასრულება შევძელით. წელს, გადავწყვიტე, თავად მოსახლეობისთვის მიმეცა იმ პოზიტივის შეგრძნების ბედნიერება, რასაც თავად განვიცდიდი წინა წლებში, ამიტომ მთელი დეკემბრის თვის განმავლობაში ბავშვების მიერ საახალწლო სურვილების შესახებ დაწერილ წერილებს სოციალურ ქსელში ვავრცელებდით და მათ თოვლის პაპებს ვეძებდით. წერილებს უამრავი ადამიანი გამოეხმაურა, თავად მიჰქონდათ საჩუქრები ადრესატებთან, იღებდნენ სურათებს გაბედნიერებულ ბავშვებთან ერთად და მიგზავნიდნენ. მე კი დიდი სიამოვნებით ვტვირთავდი ფოტოებს ასრულებული სურვილების ალბომში.

2. პროექტის ფარგლებში, რომელიმე ოჯახს ხომ ვერ გაიხსენებთ განსაკუთრებული ისტორიით?
ყველა წერილი ზეპირად ვიცი... ზოგიერთი ძნელია, ცრემლების გარეშე წაიკითხო... ერთი ასეთი წერილი მახსენდება, რომელიც 2008 წელს, სამაჩაბლოს ომში დაღუპული გმირის შვილს, ანას ეკუთვნის. თოვლის პაპას სწერდა, რომ ალბათ, იმიტომ აგვიანებ, სარდაფში ვცხოვრობ და გაგიჭირდა ჩვენი მოგნებაო... მაშინ ეზოში დაგელოდებითო... თურმე, ყოველ დღე, პატარები სარდაფიდან ამოდიოდნენ და ეზოში ელოდებოდნენ თოვლის პაპის გამოჩენას... პარალელურად, 2 წელია ვაკეთებთ პროექტს "შვილობილები", რომლის ფარგლებშიც ერთ სოციალურად დაუცველ ოჯახზე ერთი რესტორანი ზრუნავს და კვირაში ერთხელ საკვებით ამარაგებს.

3. გარდა იმისა, რომ მოდის სახლი "თინათინ მაღალაშვილი" მომხმარებელს საქორწინო, საღამოს, და ყოველდღიური სამოსის არაჩვეულებრივ არჩევანს სთავაზობს, აქვე ფუნქციონირებს საკარნავალო კოსტიუმების გაქირავების სერვისიც. რამდენი კოსტიუმია თქვენს კოლექციაში და რამდენად ხშირად ექვემდებარება განახლებას?
ჩვენი მოდის სახლი ალბათ, ყველაზე მრავალფეროვანია ქართულ ბაზარზე, რადგან ყოველდღიური, სადღესასწაულო, საქორწინო და ექსკლუზიური კოლექციების გარდა, საკარნავალო კოსტიუმებზეც ვმუშაობთ. ბოლო დროს, საქართველოში ინტენსიურად ტარდება კორპორატიული საღამოები და შესაბამისად, მოთხოვნაც დიდია. 15 წელია, რაც დიდი სიამოვნებით ვქმნი კინო-ფილმების და ანიმაციური გმირების კოსტიუმებს ყველას გემოვნების გათვალისწინებით. ჩვენს კოლექციაში 300-ზე მეტი კოსტიუმია და ყოველწლიურად 30-40 მაინც ემატება. ზოგი მათგანი 13-14 წლის არის, მაგრამ განსაკუთრებული მოვლის შედეგად უნაკლოდ გამოიყურება, თუმცა თანდათან მათ რიცხვს რამდენიმე აკლდება კიდეც.

4. მოდის როგორი ტენდენციებია მოსალოდნელი და რა უნდა გაითვალისწინონ 2017 წელს მისმა მიმდევრებმა?
2017 წლის მოდა ფერთა მრავალფეროვანი პალიტრით გამოირჩევა. მოდური ფერებია: ოქროსფერი, ნარინჯისფერი, წითელი, ბორდოსფერი, ყავისფერი და ვარდისფერი. რაც შეეხება შავს, მუდმივი ტრენდია... 2017 წლის სილუეტი არის მკაცრი, კლასიკური სტილი. ვხვდებით ტანზე მოყვანილ და თავისუფალ სილუეტსაც... მოდურია ბუნებრივი, ასევე ბრჭყვიალა ფაქტურებიც... აპლიკაციები და ხელით ნაქარგი... ასიმეტრია კვლავ მოდაშია თინეიჯერულ სტილში... აქსესუარები- ბუნებრივი ქვები და მეტალი...

5. რა სიახლეებს ჰპირდება თინათინ მაღალაშვილი ერთგულ მომხმარებლებს უახლოეს მომავალში?
ამჟამად, მოდის სახლი ახალ კოლექციაზე მუშაობს კლასიკური, დახვეწილი და ძლიერი ქალბატონებისთვის. სამოსში დომინირებს ხელით ნაქარგი და დამუშავებული ფაქტურები, შავ-თეთრი კომბინაციები, ვარდისფერისა და ყავისფერის გრადიაციები. ვემზადებით მოსკოვის, უკრაინისა და ყაზახეთის მოდის კვირეულებისთვის.


ავტორი: ქეთი იმერლიშვილი


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა