თეგებით ძიება
03. 03. 2017 News-ები

ევროკავშირის წარმომადგენლობა რუსთავი2–ის საქმეზე განცხადებას ავრცელებს

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა უზენაესი სასამართლოს მიერ რუსთავი2–ის საქმეზე მიღებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. განცხადებაში ნათქვამია, რომ მნიშვნელოვანია პოლიტიკური პლურალიზმის, მედიის თავისუფლებისა და განსხვავებულ შეხედულებებზე წვდომის აუცილებლობა.

“ევროკავშირის წარმომადგენლობა პირველი დღეებიდანვე აკვირდება რუსთავი2–ის სასამართლო პროცესს. ჩვენ ყურადღებით შევისწავლით უზენაესი სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას ისევე, როგორც მის შედეგებს. ამავდროულად, ვიცავთ დიდი ხნის წინ დამკვიდრებულ პრაქტიკას, რომლის თანახმადაც, სასამართლოს ცალკეულ გადაწყვეტილებებზე კომენტარს არ ვაკეთებთ.

"უკვე წლებია, რაც ევროკავშირი მუშაობს საქართველოს ხელისუფლებასთან სასამართლო სისტემის რეფორმაზე, რომლის განხორციელებისას ძირითადი ყურადღება ეთმობა სასამართლო პროცედურების დამოუკიდებლობას, გამჭვირვალობასა და ხარისხს, რაც კანონის უზენაესობის დაცვისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

"კიდევ ერთხელ ვუსვამთ ხაზს პოლიტიკური პლურალიზმის, მედიის თავისუფლებისა და განსხვავებულ შეხედულებებზე წვდომის აუცილებლობას. დღევანდელ ეტაპზე ამ პრინციპების შენარჩუნებას ფუნდამენტური მნიშვნელობა ენიჭება დემოკრატიის დაცვისა და განმტკიცების საქმეში, რაც შეესაბამება ევროკავშირსა და საქართველოს შორის გაფორმებულ ასოცირების შეთანხმებაში მოცემულ უმთავრესი ვალდებულებებს,“ - ნათქვამია განცხადებაში.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა