თეგებით ძიება

ბადრი ესებუა შესაძლოა საერთაშორისო ძებნილად გამოცხადდეს

შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური არ გამორიცხავს, რომ ზუგდიდში „საქართველოს ბანკზე“ თავდასხმისთვის ძებნილი ბადრი ესებუა საერთაშორისო ძებნილად გამოცხადდეს.

ჟურნალისტის კითხვაზე, მოსალოდნელია თუ არა, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ესებუა საერთაშორისო ძებნილად გამოაცხადოს, გომელაურმა ასე უპასუხა: „ალბათ გამოვაცხადებთ“.

რაც შეეხება გამოძიების მიმდინარეობას, შს მინისტრი ამბობს, რომ ესებუას ადგილსამყოფელის დადგენის და დაკავების ღონისძიება მიმდინარეობს.

მისივე თქმით, ბანკებში ყაჩაღობის შემთხვევები ყოველთვის ხდებოდა.

„შემთხვევების გახშირება არის 10 ან 20 შემთხვევა რომ მოხდება, ერთი შემთხვევა იყო და დავაკავეთ. ბანკებში ყაჩაღობის შემთხვევა ყოველთვის ხდება. ხელყუმბარით შევარდნა რაც მოხდა, დავაკავეთ“,- განაცხადა გომელაურმა.

შეიარაღებული თავდამსხმელი, რომელსაც, ცეცხლსასროლი იარაღის გარდა, ხელყუმბარა ეკავა, 21 ოქტომბერს, დაახლოებით, 14:00 საათისთვის შეიჭრა ბანკში და 43 ადამიანი მძევლად აიყვანა. მძევლების ეტაპობრივად გათავისუფლების შემდეგ შეიარაღებულმა ნიღბიანმა პირმა, რომელიც 500 ათას დოლარს და უსაფრთხოდ გადაადგილებას მოითხოვდა, სამ მძევალსა და სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორ ავთანდილ გალდავასთან ერთად დატოვა ბანკის შენობა. ისინი ზუგდიდიდან ავტომანქანით გვიან ღამით გაემგზავრნენ, გამთენიისას კი შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა ოფიციალური განცხადება, რომ ყველა მძევალი გათავისუფლებულია, მათ სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება და ინტენსიურად გრძელდება ოპერატიულ-საგამოძიებო და სამძებრო ღონისძიებები დამნაშავის დასაკავებლად.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე, 323-ე და 329-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ტერორისტულ აქტს, მძევლად ხელში ჩაგდებას ტერორისტული მიზნით და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა