თეგებით ძიება
05. 10. 2022 სპორტი

კვარამ ბოდიში მოიხადა - რას ამბობს ლუჩანო სპალეტი "აიაქსთან" ხვიჩას თამაშზე?

ხვიჩამ ბოდიში მოიხადა ორი მომენტისთვის, როდესაც თანაგუნდელებს პასი არ გაუკეთა, - განაცხადა "ნაპოლის" მთავარმა მწვრთნელმა "აიაქსთან" მატჩის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე და გუნდური თამაშის მნიშვნელობას კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი.

"ეს შედეგი, როგორც ინდივიდუალური, ისე თამაშის ორგანიზაციის დამსახურებაა, ეს ყოველთვის ასეა. მაგრამ თუ გუნდურობა არ მუშაობს, მერე ყველაფერი რთულდება. ჩვენ ინდივიდუალურად კარგი ხარისხი გვაქვს, თუმცა გუნდურობა და თანაგუნდელისთვის ხელმისაწვდომობა არასდროს უნდა დაიკარგოს, ლოსანომ და კვარაცხელიამ დაცვაშიც ბევრი სამუშაო შეასრულეს. გარდა ამისა, კვარა კარგად მოიქცა და ბოდიში მოიხადა იმ ორი ეპიზოდისთვის, როცა თანაგუნდელებს პასი არ გადააწოდა.

ის ძლიერია და შეუძლია გააკეთოს ის, რაც მოსწონს?.. არ არის ასე, მარტო თამაშზე არ უნდა იფიქროს, რადგან როცა ვიღაც კარში ურტყამს და თავისუფალ თანაგუნდელს პასს არ აძლევს, მეორე ეპიზოდში უკვე ის თანაგუნდელი მოიქცევა ასე და იტყვის, რომ ახლა კარში მან დაარტყა. თქვენ აშორებთ (ჟურნალისტებს მიმართავს - რედ) კვარაცხელიას გუნდს, მე არა, თქვენ, როცა მუდმივად გაიძახით: "ის არის, ის არის"... ის მოვიდა და კარგად მოიქცა, რომ ბოდიში მოიხადა. დღეს გოლები ყველამ გაიტანა, არა მხოლოდ რასპადორიმ იმიტომ, რომ მას ოლივერამ შესანიშნავი პასი გაუკეთა. ნამდვილი აღიარება გუნდური შედეგებით მოდის და არა ინდივიდუალურით".

შეგახსენებთ, რომ "აიაქსს" 4 ოქტომბერს "ნაპოლიმ" 6 გოლი გაუტანა, საკუთარში კი 1 გოლი მიიღო. "ნაპოლი" მიმდინარე სეზონში (ყველა ტურნირზე) დაუმარცხებელია, ჩემპიონთა ლიგაში კი სულაც უდანაკარგოდ გამოდის: სამ ტურში 9 ქულა და ბუნებრივია A ჯგუფში პირველი ადგილი, ხოლო მომდევნო ტურში 12 ოქტომბერს, ისევ აიაქსს "სტადიო მარადონაზე" შეხვდება.

ხვიჩა კვარაცხელიას სტატისტიკა სეზონში ასეთია: 11 მატჩი, 6 გოლი, 3 საგოლე პასი და 2 მოპოვებული პენალტი. კონკრეტულად ჩემპიონთა ლიგაში 21 წლის ქართველის აქტივში გოლი, 2 საგოლე პასი და მოპოვებული პენალტია. ვთქვათ ისიც, რომ ჩემპიონთა ლიგაში ქართული გოლი 2005 წლის 23 ნოემბრის შემდეგ პირველად გავიდა.

წყარო: europop.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა