თბილისში ის ფეხბურთელები ჩამოდიან, რომელთა სანახავადაც ხალხი ღამეებს ათენებდა - კახა კალაძე
კახა კალაძემ კომენტარი გააკეთა 21 სექტემბერს დაგეგმილ საქართველოსა და „მილანის“ ლეგენდების მატჩზე, რომლისთვის მზადებაც ქართველმა ვეტერანებმა „პეტრიაშვილი არენაზე“ დაიწყეს.
„თამაშისთვის მზადება დავიწყეთ. შემდეგი შეკრება 20 სექტემბერს „მიხეილ მესხზე“ გვექნება, სადაც მეორე დღეს „მილანის“ ლეგენდებს შევხდებით, გულშემატკივარი კი თავის გმირებს იხილავს – ვისაც წლები გულშემატკივრობდა. ხალხი ღამეებს ათენებდა, თავისი საყვარელი ფეხბურთელები რომ ენახა.
დღეს გვაქვს შესაძლებლობა, ეს მოთამაშეები თბილისში ჩამოვიყვანოთ და ვითამაშოთ. ძალიან მიხარია, რომ თამაშის საშუალება მაქვს. ამას ჩემთვის ორმაგი დატვირთვა გააჩნია – წლების განმავლობაში „მილანის“ ღირსებას ვიცავდი და მიხარია, რომ ჩემს ყოფილ თანაგუნდელებს შევხვდები. ვფიქრობ, საკამოდ საინტერესო შეხვედრა გველის.
სამომავლოდ მსგავსი თამაშები თუ იგეგმება? მე შოთასთან (არველაძესთან) ვისაუბრე და ვიცი, რომ მოლაპარაკებებს აწარმოებენ „ბაიერნთან“, „რეალთან“, „ლივერპულთან“. მომდევნო თვეებში ყველაფერი გაირკვევა. ქართველ გულშემატკივარს მივცემთ იმის შესაძლებლობას, რომ ლეგენდები თბილისში კიდევ იხილონ“, – განაცხადა კახა კალაძემ.