თეგებით ძიება
29. 10. 2022 სპორტი

უმაღლესი დონის მოთამაშეა - იტალიური მედია კვარაცხელიაზე

იტალიის სერია A-ს მე-12 ტურში „ნაპოლის“ შემტევის, ხვიჩა კვარაცხელიას მიერ „სასუოლოს“ წინააღმდეგ ჩატარებული ჩინებული მატჩი იტალიურმა მედიამ მაღალ დონეზე შეაფასა.

- Corriere Dello Sport, 8 ქულა: „ნაპოლის“ პირველი ორი გოლი მარჯვენა ფლანგიდან შეიქმნა, ერთნაირი თანმიმდევრობით: პირველი დი ლორენცოს პასით, კვარაცხელიას გადაცემით და ოსიმენის აკრობატული დარტყმით, მეორე კაპიტნის პასით, ქართველის კარგი მოქმედებით და ნიგერიელის მიერ ბადის დალაშქვრით

- Sport.virgilio, 8 ქულა: სპალეტი კარგა ხანია სთხოვს მას ნაკლებად ეგოისტურ თამაშს: მისია შესრულებულია, ორი საგოლე პასი და შემდეგ უკვე გოლიც. კიდევ ერთი სუპერ მატჩი, მან დაიმსახურა სტადიონის ოვაციები, როცა მოედანზე ადგილი რასპადორის დაუთმო

- Calciomercato.it, 9 ქულა: ოსიმენის პირველ გოლზე ბურთს საოცრად ეხება. 2:0-ის ეპიზოდში ახალი გვერდი დაწერა საფეხბურთო სახელმძღვანელოში, თუ როგორ უნდა იმოძრაოს გარემარბმა - შეტევა მარცხნიდან დაიწყო და მარჯვნიდან დაასრულა. მეორე ტაიმშიც აქტიური იყო

- Calcionapoli1926, 8 ქულა: კლასი და ელეგანტურობა: გოლის მომენტში ბურთი საოცრად გააჩერა. გარდა ამისა, ორი საგოლე პასი გააკეთა

- Tuttonapoli, 8 ქულა: კიდევ ერთი მტკიცებულება, რომ უბრალოდ უმაღლესი დონის მოთამაშეა. ორი საგოლე პასი 20 წუთში, პირველი შესაძლოა ცოტა შემთხვევითი, მაგრამ მეორე აბსოლუტურად გასაოცარი, მშვიდად აკონტროლებდა ბურთს სივრცის გახსნამდე, რათა ოსიმენი კართან ახლოს მიეყვანა. შემდეგ გაიტანა გოლი და რა გოლი: ჰაერში დაიმორჩილა ბურთი ისე, რომ კარგად გაისწორა და მეკარეს აჯობა

- Eurosport, 7.5 ქულა: ორი პასი ოსიმენს და გოლი. მეტი რა შეგიძლიათ მოსთხოვოთ?

- Sportmediaset, 7.5 ქულა: დამანგრეველია კონტრშეტევებზე და ვიწრო სივრცეებში თამაშშიც. ყოველთვის, როცა ის ბურთს ეხება, რაღაც სახიფათო ხდება

- Tuttomercatoweb, 8 ქულა: იმის გასაგებად, თუ რამდენად მნიშვნელოვანი ფეხბურთელი გახდა ის, უბრალოდ შეხედეთ გულშემატკივრების რეაქციას, როდესაც მცირე ფიზიკური პრობლემის შემდეგ მოედანზე ბრუნდება - სტადიონი უფრო მეტად ხარობდა, ვიდრე გოლის შემდეგ

- Calciomercato 8, ქულა: ორი პასი და გოლი, „ნაპოლის“ ყველა გოლში ის ყოველთვის მონაწილეობს. ოსიმენთან ურთიერთგაგება მშვენიერია. მეორე ტაიმში მთელი „სტადიო მარადონა“ სუნთქვაშეკრული იყო, როდესაც ტრავმის გამო მოედანი დატოვა, მაგრამ ფეხზე წამოდგა და 50 000 გულშემატკივარი გაახარა

ცნობისთვის, კვარაცხელიამ „სასუოლოს“ წინააღმდეგ გოლი და 2 ასისტი მიითვალა, „ნაპოლიმ“ კი ანგარიშით 4:0 გაიმარჯვა.


წყარო - pia.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა