თეგებით ძიება
04. 11. 2022 სპორტი

დაპირისპირება კარატეს ფედერაციაში - რატომ აცხადებს არჩევნებამდე 1 დღით ადრე კანდიდატი პრეზიდენტობაზე უარს?

დაპირისპირება საქართველოს კარატეს ეროვნულ ფედერაციაში - ხვალ, 5 ნოემბერს ჩანიშნულ საპრეზიდენტო არჩევნებს უარს ამავე ფედერაციის პრესპიკერი და პრეზიდენტობის კანდიდატი, ნუგზარ ჭიაბერაშვილი უცხადებს.

ამჟამად კარატეს ეროვნული ფედერაცია რამდენიმე ბანაკადაა დაყოფილი. არჩევნების ჩატარების მცდელობა წინა თვეებშიც იყო, თუმცა უშედეგოდ. მორიგი არეჩევნები ფედერაციამ, 2022 წლის 5 ნოემბერს ჩანიშნა. პრეზიდენტობისთვის სურვილი გამოთქვეს ერთ-ერთმა ძველმა ინსტრუქტორმა, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული ფედერაციის ხელმძღვანელმა, მამუკა ყურაშვილდა და ფედერაციის პრესსამსახურის ხელმძღვანელმა, ნუგზარ ჭიაბერაშვილმა, რომელმაც არჩევნების წინა დღეს საპრეზიდენტო რბოლაზე უარი განაცხადა.

ნუგზარ ჭიაბერაშვილი TIA.GE-სთან საუბარში განმარტავს გადაწყვეტილების მიზეზებს:

„საქართველოს კარატეს ეროვნულ ფედერაციაში 1999 წლიდან ვმუშაობ ფედერაციის პრესმდივნის თანამდებობაზე. ჩემი ცხოვრების 30 წელზე მეტი კარატეს მივუძღვენი აქტიური სპორტით, ინსტრუქტორობით და შემდეგ უკვე პრესმდივნის საქმიანობით, რომემლსაც უკვე 23 წელია ვუძღვები.

გარდა ამისა, საამაყოდ მაქვს ისიც, რომ 2014 წლიდან მე დავიწყე პირველმა საქართველოში პარა კარატეს შექმნა-დაფუძნება და აღორძინება, პირველმა მე გამოვიყვანე საერთაშორისო არენაზე შშმ პირები და სამომავლოდაც ვგეგმავ ამ კუთხით კარატეს მაქსიმალურ განვითარებას. ასევე საამაყოდ მაქვს, რომ პირველი ადამიანი ვარ, ვინც რეალურად ქართულ კარატეს პრესასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის მაქსიმალური განვითარება მოუტანა.

დღეს მივიღე გადაწყვეტილება, რომ აღნიშნულ არჩევნებში მონაწილეობა არ მივიღო, უარი ვთქვა ობიექტური მიზეზების გამო. ეს ჩემი არჩევანია, რომელზეც მე ვარ პასუხისმგებელი, შესაბამისად, შემიძლია ვთქვა, რომ დღესაც სწორ გადაწყვეტილებას ვიღებ. ვიცი, რომ ეს ქართულ კარატეს ზიანს არ მიაყენებს. ყოველთვის სიმართლის მხარეს ვდგავარ!

ვიცი, ბევრს გაუკვირდება ჩემი ეს გადაწყვეტილება და ალბათ ზოგიც გამინაწყენდება... მაგრამ, მერწმუნეთ, დღეს ამ მოცემულ სიტუაციაში ყველაზე სწორი ნაბიჯი ეს გახლავთ!

აქვე ვეტყვი დაინტერესებულ ადამიანებს, ვიცი გაუჩნდებათ შეკითხვები და დავასწრებ შესაბამისი პასუხით: ეს გადაწყვეტილება მე მივიღე, ძალდაუტანებლად, თავისთავად, ანალიზისა და სიტუაციიდან გამომდინარე. ჩემი ასაკის, ჟურნალისტური ცხოვრების და კარატეს სფეროში ყოფნის გამოცდილების საფუძველზე. სრულიად ჯანსაღია ჩემი ეს ნაბიჯიც, ისევე როგორც, ფედერაციის პრეზიდენტობის ან ვიცე-პრეზიდენტობის, გნებავთ დღემდე დაკავებული თანამდებობის სურვილი. თუმცა, ახლა და ამ ეტაპზე არა! გამორიცხეთ ჩემზე ზემოქმედება ან და სხვა მსგავსი, რადგან საკმაოდ მყარი ადამიანი ვარ, კარგად ვაანალიზებ საკითხებს, ვიცი როდის რა უნდა ვიმოქმედო. ვარ ჩემი საქმის პროფესიონალი, ერთგული და, შესაბამისად, გადაწყვეტილებაც ადეკვატურია.

ასევე მჯერა, რომ ქართულ კარატეში ჩემი ადგილი არის ისევ იქ, სადაც დღემდე - პრესმდივანი, რომლის მეშვეობითაც ამ უნიკალური საბრძოლო ხელოვნების და თავისთავად უდიდესი სპორტის სახეობის პოპულარიზაციას ვემსახურე და, რა თქმა უნდა, პარა კარატე, რომელიც ასევე მეტად მნიშვნელოვანია საქართველოსთვის, ქართული კარატეს ახალ საფეხურებზე განვითარებისთვის, - შშმ პირთათვის და უმთავრესი ჩვენი ქვეყნის ევროპული, ღირსეული მომავლისთვის!", - განმარტავს ჭიაბერაშვილი.

ცნობისთვის, საქართველოს კარატეს ეროვნულ ფედერაციაში არჩევნები ხვალ, 5 ნოემბერს ბათუმში ჩატარდება.

ფედერაციის პრეზიდენტის პოსტი ვაკანტურია მას შემდეგ, რაც ყოფილი პრეზიდნტი, კახა ბასილაია თბილისის საქალაქო სასამართლომ 2022 წლის 26 იანვრს დამნაშავედ ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებითა და 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში, რაც დაკავშირებულია ფედერაციაში მის საქმიანობასთან. კახა ბასილიას მიმართ სასჯელების სახით გამოყენებულ იქნა თავისუფლების აღკვეთა 4 წლის ვადით და ჯარიმა 10 ათასი ლარის ოდენობით. მას, ასევე, ორი წლის ვადით ჩამოერთვა მატერიალურად პასუხისმგებელი პირის თანამდებობის დაკავების უფლება.

დაპირისპირება კარატეს ფედერაციაში - რატომ აცხადებს არჩევნებამდე 1 დღით ადრე კანდიდატი პრეზიდენტობაზე უარს?


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა