თარჯიმნად მოწვეული პირი არის ცალსახად მიკერძოებული - მიხეილ სააკაშვილის პროცესზე პენიტენციურმა სამსახურმა თარჯიმნის აცილება მოითხოვა
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების საკითხზე მიმდინარე პროცესზე პენიტენციური სამსახურის წარმომადგენელმა, ნიკოლოზ აბრამიშვილმა სასამართლოს მიმართა შუამდგომლობით და სხდომიდან თარჯიმანის, ლევან მეტრეველის აცილება მოითხოვა.
ამასთან, მოსამართლე გიორგი არევაძემ მისი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.
როგორც სხდომაზე ნიკოლოზ აბრამიშვილმა განაცხადა, სასამართლო სხდომების შემდეგ ლევან მეტრეველი ხშირად აფიქსირებს საქმესთან დაკავშირებით საკუთარ მოსაზრებებს.
„ლევან მეტრეველი პროცესებში თარჯიმნად მონაწილეობს. მისი საჯარო განცხადებები ეხებოდა პენიტენციურ სამსახურს და მის წარმომადგენლებსაც. ვფიქრობთ, თარჯიმნად მოწვეული პირი არის ცალსახად მიკერძოებული და შესაბამისად, არსებობს აცილების საფუძველი“, – განაცხადა პენიტეცნიური სამსახურის წარმომადგენელმა.
მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედში“ 12 მაისიდან მკურნალობს.