ივანიშვილის რეჟიმისა და მისი დანაყოფების განცხადებები ჩვენი ქვეყნისთვის საფრთხის გამზრდელია - რას ამბობს გიგა ბოკერია?
„ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე, გიგა ბოკერია პარტია „ხალხის ძალის“ განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ბიძინა ივანიშვილის რეჟიმისა და მისი დანაყოფების მსგავსი ტიპის განცხადებები ჩვენი ქვეყნისთვის საფრთხის გამზრდელია.
როგორც ის აღნიშნავს, „ბოდვითი განცხადებების დეტალურ განხილვაში არ უნდა შევიდეთ”.
„ჩვენ დიდი ხანია ვიცით, რომ ივანიშვილის ძალაუფლების შენარჩუნებისთვის ეს რეჟიმი ეწევა პროპაგანდას, რომ ყველა საკითხიდან უნდა მივიდნენ ომის საფრთხემდე, რათა ადამიანთა ნაწილი მაინც შეიყვანონ შეცდომაში, დააბნიონ, თითქოს როგორ ცუდებიც არ უნდა იყვნენ, ამ საფრთხისგან საქართველოს გადაარჩენენ. სინამდვილეში ყველაფერი პირიქით არის.
რეჟიმი, რომელიც დაპირისპირებულია აშშ-სთან, დასავლეთთან, არ ზრუნავს ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაზრდაზე, მან როგორ უნდა დაიცვას ქვეყანა? პირიქით ის საფრთხეს წარმოადგენს. ყველა ეს ნაბიჯი და განცხადება არის მთელი ჩვენი ქვეყნისთვის საფრთხის გამზრდელი, რუსეთისგან სამხედრო აგრესიის საფრთხის გამზრდელი, ან ჩვენი სახელმწიფოებრიობის დაკარგვის საფრთხის გამზრდელი. ეს რეჟიმი არის საფრთხე, ყველა ასეთი განცხადება ამას გვახსენებს და ასე უნდა ესმოდეს საქართველოს ყველა მოქალაქეს", - განაცხადა გიგა ბოკერიამ.