მედიკამენტები, რომლებსაც სააკაშვილი კლინიკაში იღებდა, აშშ-ის წამლის სააგენტოსა და ჯანმოს მიერ დამტკიცებული არ არის - ამერიკელი ექსპერტი
გასტროენტეროლოგ, სტიუარტ ფინკელის თქმით, ზოგიერთი მედიკამენტი, რომელსაც ექსპრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი კლინიკაში იღებდა, აშშ-ის წამლის სააგენტოსა და ჯანმოს მიერ დამტკიცებული არ არის. ამის შესახებ ექსპერტმა დღევანდელ სასამართლო სხდომაზე განაცხადა.
„მედიკამენტები არ არის დამტკიცებული აშშ-ის წამლისა და საკვები პროდუქტების სააგენტოს, ასევე ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ“, - განაცხადა გასტროენტეროლოგმა.
ექსპერტმა ისიც განმარტა, რომ მიხეილ სააკაშვილი ფიზიკურად არ გაუსინჯავს.
„ვფიქრობ, რომ კვლევა ქართული კანონმდებლობის თანახმად ჩავატარე იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ პაციენტი უშუალოდ ფიზიკურად არ გამისინჯავს“, - განაცხადა ექიმმა.
კითხვაზე, იცის თუ არა, რომ მის მიერ დაუმტკიცებლად წოდებული ყველა პრეპარატი საქართველოში კანონმდებლობის შესაბამისია, გასტროენტეროლოგმა უპასუხა, რომ ამის შესახებ ინფორმაცია არ აქვს.
„მე ხელთ მაქვს დოკუმენტი, რომელიც კარგი პრაქტიკის სტანდარტებს ეხება“, - განაცხადა ექსპერტმა.
კითხვაზე, რამდენად დასაშვებია, აშშ-ში ადამიანი დაიგნოზს სვამდეს და ეს ლაბორატორიულად არ დასტურდებოდეს, ექიმმა უპასუხა, რომ ზოგიერთ შემთხვევაში ეს შესაძლებელია.