„ერთი ადამიანი თუ შემოვიდა ოთახში „კრაკენით“ ინფიცირებული, ეს ნიშნავს იმას, რომ ყველას „დააკრაკენებს“ - გიორგი ფხაკაძე ახალ შტამზე
საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტის, პროფესორ, გიორგი ფხაკაძის თქმით, „ომიკრონის“ ახალი ვარიანტი მაღალი გადამდებლობით და გავრცელებით ხასიათდება. ამის შესახებ ფხაკაძემ თავის მორიგ ვიდეო მიმართვაში ისაუბრა.
„ომიკრონის“ ახალი ვარიანტი „კრაკენი“ თითქმის იგივეა, რაც „ომიკრონი“. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ ოფიციალურად თქვა, რომ ეს ახალი ვარიანტი არის ყველაზე მეტად გადამდები კოვიდ ვარიანტი. „ომიკრონის“ XBB.1.5, მეტსახელად „კრაკენი“, არის საფრთხის შემცველი.
აშშ ეს ვარიანტი პრაქტიკულად დომინანტი გახდება ამ თვის ბოლოს. ახალი ვარიანტი XBB1.5 საქართველოშიცაა. „კრაკენი“ დღემდე ცნობილ ვარიანტებზე სწრაფად ვრცელდება და მრავლდება. ეს ახალი ვარიანტი სახუმარო არ არის, ფრთხილად იყავით.
ერთი ადამიანი თუ შემოვიდა ოთახში „კრაკენით“ ინფიცირებული, ეს ნიშნავს იმას, რომ ყველას დააკრაკენებს.
საქართველოს ჯანდაცვის სისტემა ახალი გამოწვევისთვის მზად არ არის. მოიმარაგეთ და გამოიყენეთ პირბადეები, ვინაიდან ეფექტური კოვიდვაქცინები საქართველოში არ არის.
ჩინეთში, საიდანაც ეს ახალი ვარიანტი გავრცელდა, საავადმყოფოები გადავსებულია პაციენტებით. რეანიმაციაში ადგილები არ აქვთ, ხალხი დერეფნებში წევს. კოვიდსიკვდილიანობა 10 000 ადამიანს აღწევს დღეში.
მსოფლიოში ყველაზე ეფექტური ვაქცინებია „მოდერნის“ და „ფაიზერის“ ბივალენტური ვაქცინები. ეს ვაქცინები საქართველოში არ არის და არც იქნება, ევროპაში კი ეს ვაქცინები ხელმისაწვდომია“, -განაცხადა ფხაკაძემ.