რისი დატრიალებაც ქვეყანაში სურდათ, საკუთარ ჩამოშლილ პარტიაში დაატრიალეს - მამუკა მდინარაძე ენმ-ზე
"ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერი, მამუკა მდინარეძე "რუსთავს 2“-ის მიერ გავრცელებულ აუდიოჩანაწერს ეხმაურება და აცხადებს, რომ რისი დატრიალებაც ქვეყანაში "ნაციონალურ მოძრაობას" უნდოდა, საკუთარ ჩამოშლილ პარტიაში დაატრიალეს.
აუდიომასალის მიხედვით, სავარაუდოდ, გიული ალასანია მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლასთან დაკავშირებით საუბრობს და ასევე, ოპოზიციას პარაზიტებად მოიხსენიებს.
"გუშინდელი ჩანაწერის ათასგვარი ინტერპრეტაცია მოვისმინე და წავიკითხე. რეალურად, ამ ჩანაწერით მელიამ სააკაშვილის ფლანგი თავიანთ საერთო პატრონებთან და დავალების მიმცემებთან ჩაუშვა და მტკიცებულებაც დაუდო, ესენი რუსულ ინტერესებსაც ითვალისწინებენ დღემდე და ხანდახან მათი აზრი დასავლეთის აზრზე უფრო აინტერესებთო. ამავე დროს, თავიანთ ისედაც იმედგაცრუებულ მომხრეებშიც ძალიან სერიოზული დარტყმა მიაყენა და თავისი გინების გამართლება და გადაფარვაც სცადა. რეალობა ეს არის და შეთქმულების თეორიების გამოგონება ამ ამბავს არ სჭირდება. მართლა საოცარი ხალხია, რისი დატრიალებაც ქვეყანაში სურდათ, საკუთარ ჩამოშლილ პარტიაში დაატრიალეს“, - ამბობს მდინარაძე.
შეგახსენებთ, 11 იანვარს „რუსთავი 2“-მა უკანონო ფარული აუდიომასალა გაავრცელა, რომელშიც სავარაუდოდ, მიხეილ სააკაშვილის დედა, გიული ალასანია ფიგურირებს და რომელიც სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლამდეა ჩაწერილი.
წუთნახევრიან მასალაში, გიული ალასანია საუბრობს, რომ მას არ სურს, სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლა.
ასევე, ალასანია საუბრობს ოპოზიციაზე. მათ ბუნებით პარაზიტებს უწოდებს და ამბობს, რომ ისინი მუდამ მისი შვილის ხარჯზე იყვნენ.