შეუძლებელია, პოლიტიკოსს პარაზიტებში ჩემი თავი მოვიაზრო - რას ამბობს იაგო ხვიჩია?
„გირჩის“ წევრმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა, რომ მსჯავრებული პრეზიდენტით მისგან განსხვავებით ბევრი პოლიტიკოსი სარგებლობს.
ხვიჩიას განცხადებით, ფარული ჩანაწერები ყურადღების გადატანას ემსახურება.
„მთელი პოლიტიკური სპექტრი და მედია ასეთ ჩანაწერებს დააფრიალებს და სხვა ნებისმიერი მნიშვნელოვანი თემა იფარება. ასეთი ჩანაწერები სწორედ ამ ინტერესს ემსახურება. შეუძლებელია, გიული ალასანიას განცხადებაში, პარაზიტებში ჩემი თავი მოვიაზრო, რადგან საუბარია მასზე, ვინც მიხეილ სააკაშვილით სარგებლობს“, – განაცხადა ხვიჩიამ.
ტელეკომპანია „რუსთავი 2“-მა აუდიოჩანაწერი გაავრცელა. ტელეკომპანიის ცნობით, აუდიოჩანაწერში, რომლის ავთენტურობაც დადასტურებული არ არის, გიული ალასანია ოპოზიციის წარმომადგენლებს „პარაზიტებს“ უწოდებს. ჩანაწერში გიული ალასანია ასევე საუბრობს სააკაშვილის საქართველოში დაბრუნებაში რუსეთის ფაქტორზე. გარდა ამისა, ალასანია ჩანაწერში ამბობს, რომ „რუსებსაც არ უნდათ ივანიშვილი“.
„ხომ ჩანს ეს ახლა, ამ მასალებს რომ აწვდიან ამ მელაძეს და ეს მელაძე ჩვენ რომ გვაჩვენებს, ხომ რუსები აწვდიან. ახლა უნდათ გახარიაზე მუშაობა. ახლა თანაც ისიც იციან, რომ გახარია ამ მომენტში ბევრს ვერაფერს მოიტანს“, – ნათქვამია ჩანაწერში.
ტელეკომპანიის ცნობით, აუდიოჩანაწერი გაკეთებულია მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლამდე და უცნობია, ვის ესაუბრება გიული ალასანია.