ყველანაირი ჩანაწერი არის ფსკერი - ხატია დეკანოიძე
ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე, ხატია დეკანოიძემ განაცხადა, რომ ყველანაირი ჩანაწერი არის ფსკერი, რითაც გამოეხმაურა გავრცელებულ ჩანაწერს, სადაც სავარაუდოდ, მსჯავრდებული პრეზიდენტის დედა, გიული ალასანია ფიგურირებს.
მისი თქმით, ნებისმიერი უკანონო ჩანაწერის გაკეთება და გავრცელება მიუღებელია და მის შინაარსზე მსჯელობაც არის ამორალური.
„ნებისმიერი ჩანაწერის მოპოვება, გავრცელება და შემდეგ ამ ჩანაწერის შინაარსზე მსჯელობა ჩემთვის არის ამორალური. ჩანაწერები, როგორც პოლიტიკური ბრძოლის იარაღი და ფარული თვალთვალი და მიყურადება უნდა დასრულდეს, ეს უნდა იყოს დასჯადი ხელისუფლების მხრიდან. მე ამ ჩანაწერს ისევე, როგორც წინას, ვუწოდებ ამორალურს, ყველანაირი ჩანაწერი არის ფსკერი და მიუღებელი, შინაარსში და მსჯელობაში შესვლა ჩემთვის არის მიუღებელი, რადგან თავისთავად ფარული თვალთვალი და მიყურადება არის უკანონო და ამორალური. ამ პოლიტიკურ ვითარებაში, როცა ჩანაწერიდან ჩანაწერამდე იქმნება დღის წესრიგი, ეს არის კატასტროფა და ჩვენი საზოგადოების შეურაცხყოფა, ასევე, პოლიტიკა რომ განდევნილია საქართველოში ამის დასტური,"- განაცხადა დეკანოიძემ.
ინფორმაციისთვის, ტელეკომპანია “რუსთავი2“-მა აუდიოჩანაწერი გაავრცელა, რომლის ავთენტურობაც დადასტურებული არ არის. ტელეკომპანიის ინფორმაციით, გავრცელებული ჩანაწერში მიხეილ სააკაშვილის დედა გიული ალასანია ფიგურირებს და საუბრობს მიხეილ სააკაშვილის საქართველოში დაბრუნებაზე. ჩანაწერში, სავარაუდოდ, გიული ალასანია სააკაშვილის ჩამოსვლასთან დაკავშირებით ამბობს, რომ "ძალიან ეშინია" და "მთავარი ის არის, რას ფიქრობს რუსეთი ამ მომენტში". ასევე ჩანაწერის თანახმად, გიული ალასანია საუბრობს ოპოზიციაზე და მათ „პარაზიტებს“ უწოდებს. ჩანაწერში საუბარია გიორგი გახარიაზეც, რომელსაც „მომავლისთვის ამზადებენ“. გარდა ამისა, ტელეკომპანიის მიერ გავრცელებულ აუდიოჩანაწერში, ნახსენებია ბიძინა ივანიშვილიც, რომელიც „რუსებს არ უნდათ”. ტელეკომპანიის ინფორმაციით, აუდიოჩანაწერი გაკეთებულია მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლამდე და უცნობია, ვის ესაუბრება გიული ალასანია.