კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ არის მშიშარა - ძალადობაში ბრალდებული არჩილ მეფარიძე სასამართლოში არ მივიდა
მომღერალი, არჩილ მეფარიძე, რომელიც ქალის მიმართ ძალადობასა და მუქარაშია ბრალდებული, დღეს, წინასასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდა. მან ადვოკატს გამოატანა ნოტარიუსის მიერ დამოწმებული წერილი, სადაც სასამართლოში არ გამოცხადების მიზეზი ახსნა.
„ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვერ ახერხებს წინასასამართლო სხდომაზე გამოცხადებას და პროცესში მონაწილეობის მიღებას. ითხოვს წინასასამართლო სხდომა ჩატარდეს მისი მონაწილეობის გარეშე, მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის, ანუ, ჩემი მონაწილეობით, რომელსაც უცხადებს სრულ ნდობას“, - განაცხადა ადვოკატმა სხდომაზე.
პროკურორმა არჩილ მეფარიძის ჯანმთელობის მდგომარეობის დამადასტურებელი ცნობის წარდგენა სთხოვა ადვოკატს, თუმცა ადვოკატმა თქვა, რომ მსგავსი ცნობა მას არ აქვს.
„ეს ცნობა რომ მქონოდა, წარმოვადგენდი. მე არ გახლავართ ექიმი. ვიცი, რომ ვერ შეძლო მან დღევანდელ სასამართლო სხდომაზე გამოცხადება და ითხოვს სასამართლო სხდომის მის გარეშე ჩატარებას, რაც მისი უფლება და მისი გადაწყვეტილებაა“, - თქვა ადვოკატმა.
მომღერალ არჩილ მეფარიძეს ბრალდება 2022 წლის 7 აპრილს, ლელა ჯუღელის მიმართ განხორციელებულ ფიზიკურ ძალადობასა და სიცოცხლის მოსპობის მუქარას ედავება.
თბილისის საქალაქო სასამართლოში არჩილ მეფარიძის მისვლას ელოდა დაზარალებული ლელა ჯუღელი.
„ეს ადამიანი არის მშიშარა... გუშინ მან ვაჟკაცური ინტერვიუ მისცა რომელიღაცა მედიას და არაფერი ეტყობოდა ავადმყოფობის. კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ეს ადამიანი არის მშიშარა და გაურბის ჩადენილ დანაშაულს“, - განაცხადა სხდომის დასრულების შემდეგ ლელა ჯუღელმა.
ლელა ჯუღელი მოითხოვს, რომ არჩილ მეფარიძე კანონის სრული სიმკაცრით დაისაჯოს.