თეგებით ძიება

დასავლეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობები უკვე განადგურებულია - სალომე სამადაშვილი

„ლელოს“ პოლიტიკურმა მდივანმა, სალომე სამადაშვილმა 12-პუნქტიანი გეგმის შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ მის პარტიას თავიდანვე სკეპტიკური განწყობა ჰქონდა იმასთან დაკავშირებით, რომ მმართველი პარტია შეასრულებდა აღნიშნულ რეკომენდაციებს. ამის შესახებ სამადაშვილმა „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა.

„ჩვენ, „ლელოს“ თავიდანვე გვქონდა სკეპტიკური განწყობა იმასთან დაკავშირებით, რომ „ქართული ოცნება“ შეასრულებდა ვალდებულებებს, რომელიც ევროკავშირმა საქართველოს დააკისრა, რათა კანდიდატის სტატუსი მიეცა. ბიძინა ივანიშვილი იმ ხეს ვერ მოჭრის, რომელზეც ზის. როდესაც იმ პოლიტიკური სისტემის რეფორმას გთხოვენ, რომელზეც დგახარ და გეუბნებიან, რომ კანდიდატის სტატუსს ვერ მიიღებ, არ გვქონდა მოლოდინი, რომ ამ რეფორმას გაატარებენ. გადის დრო და გვეუბნებიან, რომ არანაირი პროგრესი არ გვაქვს და როდესაც ოქტომბერში გაკეთდება შეფასება კანდიდატის სტატუსზე, მაღალი შანსია იმის, რომ ჩვენ დავრჩეთ კვლავ ხელცარიელი. როდესაც ეს დღე მოვა, „ქართულმა ოცნებამ“ რამე უნდა უთხრას ხალხს, თუ რატომ არ გვაქვს კანდიდატის სტატუსი, ისინი ხომ არ იტყვიან, რომ არაფერი გააკეთეს და საკუთარი ძალაუფლება ბევრად უფრო მნიშვნელოვანია მათთვის, ვიდრე საქართველოს ნებისმიერი მოქალაქის მომავალი, ამიტომ მათ შექმნეს ფაბულა - რომ ჩვენ გვეკუთვნის კანდიდატის სტატუსი, მაგრამ რათა მოგვცენ, ჩვენ გვთხოვენ ომში თანამონაწილეობას და მეორე ფრონტის გახსნას. ეს რომ სისულელეა და მტკნარი ტყუილი, ეს არაერთხელ ითქვა, მათ შორის ევროკავშირის და აშშ-ის წარმომადგენელთა მხრიდან.

ურთიერთობები დასავლეთსა და საქართველოს შორის არის უკვე ძალიან გასაგებად დაზიანებული. შეგახსენებთ იმ დოკუმენტებს, რომელიც მიიღეს ევროპარლამენტში, სადაც პირდაპირ ჩაიწერა ივანიშვილის დასანქცირების მოთხოვნა. ასეთ მინიმალურ ნიშნულზე საქართველოს არცერთ ხელისუფლებას არ ჰქონია დასავლეთთან ურთიერთობები. ეს ურთიერთობები არის უკვე განადგურებული, უბრალოდ დასავლეთს აქვს საკუთარი სტრატეგიული ინტერესები ამ ქვეყანაში და მარტივად ხელს არ დაიბანს ამ ქვეყნის მომავალზე. ვფიქრობ, რომ დასავლეთი დღეს ელოდება იმის დემონსტრირებას, რომ ქართველმა ხალხმა საკუთარი პოლიტიკური არჩევანით აჩვენოს ის, რომ ჩვენი არჩევანი არ არის ეს ხელისუფლება, რომელიც არის ღიად ანტიდასავალური“, - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა