ხალხთან წასვლა ეზარებათ, ცივა, ამ სიცივეში ქუჩაში ხომ არ გავლენ! - გია ხუხაშვილი ოპოზიციაზე
პოლიტოლოგი, გია ხუხაშვილი აცხადებს, რომ დღე და ღამე მიხეილ სააკაშვილზე ლაპარაკი, ხელისუფლებას სარგებელს აძლევს, რადგან ბევრი პრობლემა აქვთ, რომელზედაც პასუხი არ აქვთ.
"დღეს მიხეილ სააკაშვილი გაშვების ან სასჯელის გადავადების არანაირი რაციონალური სიმპტომი არ არსებობს. ხელისუფლებამ არ იცის როგორ მოიქცეს, მათ იმ ტიპის ჩიხში შეიყვანეს საკუთარი თავი ვერ იღებენ ვერანაირ გადაწყვეტილებას და სირაქლემას პოზიციაში არიან. დღეს ხელისუფალი მიიჩნევს, რომ სააკაშვილის „ვუია“ და აქ დატოვება „ვაია“. შესაბამისად, არ იცის ცუდსა და უარეს შორის არჩევანში რომელია უარესი და არ იღებს გადაწყვეტილებას.
ოპოზიცია ვერ ქმნის საკმარის წნეხს იმისათვის, რომ ხელისუფლებას უბიძგოს ამა თუ იმ გადაწყვეტილების მისაღებად. სააკაშვილის თემის მუდმივი აქტუალიზაცია გარკვეულ სარგებელს აძლევს ხელისუფლებას. ხელისუფლებას აქვს სხვა ბევრი პრობლემა, რომელზედაც პასუხი არ აქვთ. დღე და ღამე საზოგადოებას მიხეილ სააკაშვილზე ალაპარაკებენ“, - აცხადებს გია ხუხაშვილი.
პოლიტოლოგი ოპოზიციის წარმომადგენლებსაც აკრიტიკებს და ამბობს, რომ ისინი საზოგადოებას არ ელაპარაკებიან და ხალხში ნდობის აღდგენას არ ცდილობენ.
"ოპოზიციას აქვს დიდი პრობლემა. ოპოზიცია არაფერს აკეთებს იმისათვის, რომ აღიდგინოს ნდობა ხალხში. ოპოზიციის პარტიის წარმომადგენლები ხალხს არ ელაპარაკებიან, ხალხში უნდა გავიდნენ. საზოგადოება ეძებს დღეს ლიდერს, ლიდერს ისეთს, რომელსაც ენდობა და გაუჩენს მომავლის რწმენას.
ჩვენი პოლიტიკური ელიტა კი დაკავებულია მხოლოდ მიშას თემით. ხალხთან წასვლა ეზარებათ, ცივა, ამ სიცივეში ქუჩაში ხომ არ გავლენ! რომ გაცივდნენ რა ქნან მერე?! აი ამ პოზიციაში არია. ხალხს მსახური სჭირდება, ბატონი და ბრძენთა ბრძენი კი არა კომფორტულად მოწყობილ სტუდიებიდან რომ ელაპარაკება“, - დასძენს ექსპერტი პოლიტიკის საკითხებში.