დააკავეს კაცი, რომელმაც ყოფილ პარტნიორს ინტიმური ფოტოები გაუვრცელა
თბილისში პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე 45 წლის კაცი დააკავეს.
უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ 1977 წელს დაბადებული ვ.ყ., მასთან თანაცხოვრებაში მყოფ ქალს, 2021 წლის დეკემბრიდან-მარტამდე პერიოდში, თბილისში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, ინტიმური შინაარსის ფოტოებს ფარულად უღებდა.
საგამოძიებოს განცხადებით, წყვილის დაშორების შემდეგ, ბრალდებული "შანტაჟისა და შურისძიების მიზნით, Facebook-ზე სხვა მომხმარებლის სახელით დარეგისტრირდა, სადაც დაზარალებულის ინტიმური შინაარსის ფოტოსურათები განათავსა და დაზარალებული ქალის ნაცნობი პირების მეგობრებში დამატების გზით, ფოტოსურათები ხელმისაწვდომი გახადა".
სამართალდამცველებმა ვ.ყ. 13 იანვარს დააკავეს, მას ბრალი 15 იანვარს სსკ-ს 157-ე მუხლის მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით წარედგინა.
დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.