„გრიპის ვირუსი გაცილებით საყურადღებოა, ვიდრე კორონავირუსი" - ივანე ჩხაიძე
იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი, პროფესორი ივანე ჩხაიძე ამბობს, რომ „ომიკრონის“ ახალი ქვევარიანტი დღემდე არსებულ „ომიკრონის“ მუტაციებს შორის ყველაზე სწრაფად გადამდებია. თუმცა, ივანე ჩხაიძის თქმით, საფრთხე უკავშირდება მხოლოდ სწრაფ და მარტივ გავრცელებას, უფრო მძიმე დაავადების გამომწვევი თვისება კი არ ახასიათებს.
რაც შეეხება სეზონურ რესპირატორულ ვირუსებს, ივანე ჩხაიძის თქმით, ქვეყანაში ძირითადად გავრცელებულია გრიპის ვირუსი და კორონავირუსი.
„ორივე ძალიან აქტიურია და ზამთრის პერიოდში მათი აქტიურობა მოსალოდნელი და პროგნოზირებადი იყო. საქართველოში ახლა რაც ხდება, არაფრით განსხვავდება პანდემიამდე პერიოდის მდგომარეობისგან. განსხვავება არის გარკვეულწილად კორონავირუსის სიჭარბე. რაც შეეხება ინფიცირების პიკს, ნოემბრის შუა რიცხვებში იყო ყველაზე მაღალი მაჩვენებელი გრიპისა და გრიპისმაგვარი დაავადებებით ინფიცირების მხრივ. დეკემბერი-იანვრის დასაწყისში ეს მაჩვენებელი მცირდებოდა, თუმცა არ ვამბობთ, რომ ეს შემცირება სტაბილურად გაგრძელდება. არსებობს მოლოდინი, რომ იანვარ-თებერვალში ისევ იყოს მატება. ეს მაჩვენებელი არ სცილდება საშუალო მაჩვენებელს, რაც ფიქსირდებოდა კორონავირუსის პანდემიამდე პერიოდში. სიმძიმის თვალსაზრისით, ძირითადი საფრთხე სწორედ გრიპის ვირუსიდან მომდინარეობს.
ახლა ძირითადად ცირკულირებს A ტიპის ვირუსი, ნაწილი H1N1 ტიპის ვირუსით არის გამოწვეული, ნაწილი – H3N2 ტიპის ვირუსით. გრიპის ვირუსით მიმდინარეობის სიმძიმე გაცილებით საყურადღებოა, ვიდრე კორონავირუსით გამოწვეული. მაღალი ტემპერატურა, ძლიერი სისუსტე, თავისა და კუნთების ტკივილი, ხველა, ფილტვების ანთების განვითარების მაღალი რისკი ახასიათებს გრიპს. ამიტომ ძირითადი აქცენტი და ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი სწორედ გრიპზე მოდის“, – განაცხადა ივანე ჩხაიძემ.