რაზე ისაუბრეს პუტინმა და ერდოღანმა? - კრემლი განცხადებას ავრცელებს
რუსეთისა და თურქეთის პრეზიდენტებს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა. გავრცელებული ინფორმაციით, ვლადიმერ პუტინმა რეჯეფ თაიფ ერდოღანს განუცხადა, რომ დასავლეთის მიერ უკრაინისთვის იარაღის მიწოდება საომარ მოქმედებებს აძლიერებს.
ამასთან, როგორც კრემლის განცხადებაშია აღნიშნული, რუსეთის ლიდერმა თურქ კოლეგას უთხრა, რომ მართლმადიდებლური შობის პერიოდისთვის რუსეთის მიერ შეთავაზებული ცეცხლის შეწყვეტის წინადადებაზე ოფიციალური კიევის უარი უკრაინის „ფარისევლური პოლიტიკის“ მაგალითია.
როგორც კრემლში აღნიშნავენ, თურქული მხარის ინიციატივით, რუსეთისა და უკრაინის ომბუდსმენები პირველ რიგში დაჭრილ პატიმართა გაცვლის საკითხს შეეხებიან.