"ამჟამად, გამოსულია შოკური მდგომარეობიდან და მისი მკურნალობა გრძელდება" - რას წერს საპატრიარქო გელათის მონასტერში დაშავებულ არქიმანდრიტზე?
საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური, გელათის მამათა მონასტერში გაჩენილი ხანძრისა და არქიმანდრიტ, იოსებ ბურჯანაძის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ სოციალურ ქსელში ახალ ინფორმაციას ავრცელებს.
"ქუთაის-გაენათის ეპარქიიდან მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე ცნობილი ხდება, რომ 2023 წ. 16 იანვარს, შუაღამეს, გელათის მამათა მონასტერში სტუმრებისთვის გამოყოფილ სენაკში ანთებული ბუხრისგან ცეცხლი მოეკიდა ახლომდებარე საწოლს. იმ დროს, როდესაც ბოლოს დარჩენილი სტუმრად მყოფი მამაკაცი სენაკიდან გასული იყო.
არქიმანდრიტი იოსები ცეცხლის ჩაქრობის მიზნით სტუმრების სენაკში შევიდა, რა დროსაც მძიმედ დაშავდა და საავადმყოფოში გადაიყვანეს. ამჟამად იგი გამოსულია შოკური მდგომარეობიდან და მისი მკურნალობა გრძელდება. გთხოვთ, აღავლინოთ ლოცვა მისი მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის“, -წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.
შეგახსენებთ, გელათის მონასტრის წინამძღვარს კელიაში ხანძარი გაუჩნდა. მამა, იოსებ ბურჯანაძე ქუთაისის დამწვრობის ცენტრში გადაიყვანეს.
მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.
ექიმის ცნობით, არქიმანდრიტს სხეულის 44% დამწვარი აქვს.