ლექციის არჩატარება იმას ნიშნავს, რომ ხალხს იმ აზრების მოსმენა არ სურს, რაც ლევან ბერძენიშვილმა შესაძლოა, განიხილოს - რას ამბობს დეპუტატი?
საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა, "ხალხის ძალის" წევრმა ეკა სეფაშვილმა ყვარელში მომხდარი ინციდენტის თაობაზე დასმული კითხვის პასუხად განაცხადა, რომ ლექციის არჩატარება იმას ნიშნავს, რომ ხალხს იმ აზრების მოსმენა არ სურს, რაც ლევან ბერძენიშვილმა შესაძლოა, განიხილოს.
როგორც სეფაშვილმა აღნიშნა, ქართული კულტურისა და ისტორიის შესახებ ბერძენიშვილის პოზიციები საქართველოში უმრავლესობისთვის მიუღებელია და პროტესტი სწორედ ამის გამოხატულება იყო.
„როგორც საზოგადოებისთვის არის ცნობილი, ლევან ბერძენიშვილს ეკუთვნის ძალიან შეურაცხმყოფელი განცხადებები საქართველოს ისტორიის იმ მონაკვეთის და იმ პიროვნებების შესახებ, რომელიც მთელი საქართველოსთვის და განსაკუთრებულად ამ კუთხის ხალხისთვის სიამაყის საფუძველს წარმოადგენს. ქართული კულტურის და ისტორიის შეურაცხყოფა ქართველი ხალხისთვის მიუღებელია. ეს არის გამოხატულება იმისა, რომ მის ამ პოზიციას აპროტესტებენ. რა თქმა უნდა, ფიზიკურ დაპირისპირებამდე და ისეთ აგრესიამდე, რომელიც ადამიანის ჯანმრთელობას ზიანს აყენებს, საქმე არ უნდა მივიდეს - ამას რა თქმა უნდა, არ ვემხრობით, თუმცა ადგილობრივ მცხოვრებლებს აქვთ უფლება იმისა, საკუთარი პროტესტი გამოხატონ საქართველოს კულტურისა და ისტორიისადმი უპატივცემულობის გამოხატვის გამო", - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა.
შეგახსენებთ, რომ კახეთში, ლევან ბერძენიშვილს აქციის მონაწილეებმა ლექციის ჩატარების უფლება არ მისცეს.