ჩვენი მოქალაქეებისთვის იქნება უკეთესი – რატი იონათამიშვილი რუსეთთან ფრენების აღდგენაზე
საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, რატი იონათამიშვილმა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებაზე კომენტარი გააკეთა.
„რაც შეეხება ფრენის საკითხებს, ჩვენმა საზოგადოებამ კარგად იცის, რომ თავის დროზე იყო ერთგვარი სანქცია, რომელიც რუსეთის მხრიდან იყო საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული, თუ ამ სანქციის გამოყენებაზე უარს იტყვიან, ვფიქრობ, რომ ეს ჩვენი მოქალაქეებისთვის იქნება უკეთესი,” – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.
ცნობისთვის, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა დღეს უწყებაში გამართულ პრესკონფერენციაზე საქართველოს მთავრობა შეაქო გამბედაობისთვის, რათა ისინი, მისი თქმით, არ შეუერთდნენ, რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს და თქვა:
„მოხარული ვარ, რომ ჩვენ ხალხს შორის ურთიერთოება აქტიურად ვითარდება. მითხრეს, რომ გასულ წელს ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტი 10%-ით, დიდწილად რუსეთთან მიმართებით ტურიზმისა და ვაჭრობის ხარჯზე გაიზარდა. ვიმედოვნებ, რომ მალე პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენას შევძლებთ“.