თავიდან გადმოაგდო ბოთლი და აფეთქდა, მერე გვესროლა, ვინც ვერ შეასწრო, ყველა ჩაცხრილა - ახალი დეტალები საგარეჯოს ტრაგედიაზე
საგარეჯოს თავდასხმას თვითმხილველი იხსენებს და ამბობს, რომ შეიარაღებულმა პირმა საცხოვრებელი კორპუსის აივნიდან ეზოში მყოფ ადამიანებს ჯერ ასაფეთქებელი ნივთიერება ჩაუგდი, შემდეგ კი ცეცხლი გაუხსნა.
"არაფერს არ ითხოვდა. უბრალოდ, გადმოყო და დაგვიშვა, რა. აი, უბრალოდ გადმოყო და დაგვიშვა, რა. ყოფილი მებრძოლი იყო, არ ვიცი, რამდენადაც ვიცი. განდეგილად ცხოვრობდა, რა. ერთი 10 წლის გადმოსულიც არ იქნებოდა, ახალი შეძენილი მეზობელი იყო. თავისთვის ცხოვრობდა ასე, შედიოდა-გადიოდა სახლში მარტო... და რამდენადაც ვიცოდით, მას რაღაცა ფსიქოლოგიური პრობლემები ჰქონდა, მე რამდენადაც ვიცი. გადმოყო და პირდაპირ დაგვიშვა. სამჯერ გვესროლა, მერე უკან გადავიდა და უკანა მხრიდან ისროლა... იქ "იოლის" მაღაზიაში დაიწყო სროლა და მე მგონი "იოლის" მაღაზიაში ორ გოგოს მოარტყა კიდე და იქ მოკლა პოლიციელები, მე რამდენადაც ვიცი და ჩვენიდან 4 მოკლა. ჩვენ უბრალოდ შევასწარით სადარბაზოში. თავიდან გადმოაგდო ბოთლი, რომელშიც იყო რაღაცა ნივთიერება და ის ნივთიერება აფეთქდა და მაგაზე მივხვდით, რომ კიდევ უნდა დაეწყო სროლა და შევასწარით და ვინც შევასწარით, შევასწარით, ვინც არა და ჩაცხრილა პირდაპირ. აი ასე, პირდაპირ მოგვიშვა, რა", - ამბობს ერთ-ერთი თვითმხილველი "მთავარ არხთან".
20 იანვარს ღამით საგარეჯოში, შეიარაღებულმა პირმა, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის აივნიდან მოქალაქეებს ავტომატით ცეცხლი გაუხსნა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაიღუპა 5 ადამიანი, მათ შორის ერთი პოლიციელი. დაჭრილია კიდევ 5 ადამიანი, მათ შორის ერთის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. თავად თავდამსხმელმა თავი მოიკლა.