ძალიან მძიმე შემთხვევაა. ვერ ვხსნით ვერავინ თუ რა მოხდა. მიმდინარეობს გამოძიება - ვახტანგ გომელეური
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი, ვახტანგ გომელაური საგარეჯოში, თავდასხმის ადგილზე ჩავიდა. მისი თქმით, თავდასხმის მოტივი უცნობია, მიმდინარეობს გამოძიება.
„ძალიან მძიმე შემთხვევაა, მინდა მივუსამძიმრო ოჯახებს. გარდაცვლილია 5 ადამიანი და ერთი ჩვენი თანამშრომელია, სამწუხაროდ. 5 ადამიანია დაჭრილი, ერთი-ერთი არის მძიმედ, ოპერაცია უტარდება. ექიმები ვერ გვეუბნებიან რა სიმძიმისაა, არტერია აქვს დაზიანებული და ვერ გვეუბნებიან გადარჩება თუ არა. შემთხვევას ვერ ვხსნით ვერავინ თუ რა მოხდა. იმ მოქალაქის სახლში, რომელმაც ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან დაიწყო სროლა, მისი სრულწლოვანი შვილიც იმყოფებოდა. მსროლელმა ჯერ აივნის, შემდეგ კი მეორე მხრიდან დაიწყო სროლა, რის შემდეგაც შვილმა დატოვა სახლი, გამოვიდა. ადგილზე მოვიდა საპატრულო პოლიცია, შემდეგ მეორე მხრიდან გახსნა ცეცხლი, რის შედეგადაც დაიჭრა ჩვენი თანამშრომელი, რომელიც საავადმყოფოში გარდაიცვალა. როგორც ვიცით და ოპერატიულად დაგვიდასტურეს, რომ დამნაშავე მოქმედი სამხედროა არაა, 2006 წლიდან მუშაობდა 2021 წელს არის წამოსული სამხედრო სამსახურიდან. როგორც დაგვიდასტურეს ავღანეთის მისიაშიც ნამყოფია. რა მოხდა ჯერჯერობით არავინ იცის. სპეცდანიშნულების რაზმის ჩამოსვლისთანავე მოუწოდეს ცეცხლის შეწყვეტისკენ, დამნაშავემ კიდევ რამდენიმე გასროლა განახორციელა, როდესაც კარი შეაღო რაზმმა, გასროლის ხმა გაისმა და დამნაშავე საწოლზე გადაწოლილი, გვერდით ცეცხლსასროლი იარაღით დახვდათ, თავიდან სისხლი მოსდიოდა. ადგილზე ასევე ნახეს ხელყუმბარის რამდენიმე რგოლი, შეიძლებოდა ის იყო დანაღმული, გამოვიძახეთ გამნაღმველები, რომლებმაც ახლა დაასრულეს მუშაობა. შვილი ვერაფერს გვეუბნება. მისი თქმით, რომ გამოვიქეცი სახლიდან გვამები უკვე ძირს იყო დაგდებულიო. ამჟამად მიმდინარეობს გამოძიება, დაკითხვა. ჯერჯერობით მეტი ინფორმაცია არ გვაქვს“,- განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.
შეგახსენებთ, რომ 20 იანვარს ღამით საგარეჯოში, შეიარაღებულმა პირმა, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის აივნიდან მოქალაქეებს ავტომატით ცეცხლი გაუხსნა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაიღუპა 5 ადამიანი, მათ შორის ერთი პოლიციელი. დაჭრილია კიდევ 5 ადამიანი, მათ შორის ერთის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. თავად თავდამსხმელი ყოფილი სამხედრო, 49 წლის ნოდარ ათუაშვილი არის. შსს-ს ინფორმაციით, მან თავი მოიკლა.