"ეზოში რამდენიმე კაცი მოკლა, ცხედრები მიწაზე ეყარა, საკუთარი შვილი მძევლად ჰყოლია აყვანილი" - რას ამბობენ თვითმხილველები, საგარეჯოში მომხდარ ტრაგედიაზე?
თვითმხილველები, საგარეჯოს ტრაგედიაზე საუბრობენ და დამატებით დეტალებს იხსენებენ.
"სახლიდან ვერ გავდიოდით, მერე არაფერი მოხდეს-მეთქი, დაჭრილი კუთხე-კუთხე გავაძვრინე, პოლიკლინიკაში მივიყვანე, უშველეთ-მეთქი. 2 საათი სახლში მყავდა დაჭრილი, მე-4 ბიჭი, ფეხში ჰქონდა ჭრილობა. ვუშველე, ჩემებურად დავამუშავე, სახლში არაყი მქონდა... გარეთ ვერ გავდიოდი, მეშინოდა.“ - თქვა „ფორმულასთან“ თვითმხილველმა.
"თავდამსხმელს ვინც თვალში მოხვდა, ყველასთვის იარაღი მიუშვერია. ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონია და მკურნალობდა. საკუთარი შვილი მძევლად ჰყოლია აყვანილი, თუმცა სახლიდან გამოპარვა შეძლო. შვილის გარდა სხვა ვინმეც თუ ჰყავდა სახლში, არ ვიცით“, - აცხადებს ერთ-ერთი ადგილობრივი.
"ეზოში რამდენიმე კაცი მოკლა. ცხედრები მიწაზე ეყარა. დამნაშავე ყოფილი სამხედრო მოსამსახურე იყო, რომელიც ვაზიანის ნაწილში მსახურობდა და საერთაშორისო მისიებშიც მონაწილეობდა. საკუთარ ბინაში იმყოფებოდა და იქიდან ისროდა. ბინაში მარტო ცხოვრობდა", - აცხადებს თვითმხილველი.
შეგახსენებთ, რომ 20 იანვარს ღამით საგარეჯოში, შეიარაღებულმა პირმა, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის აივნიდან მოქალაქეებს ავტომატით ცეცხლი გაუხსნა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაიღუპა 5 ადამიანი, მათ შორის ერთი პოლიციელი. დაჭრილია კიდევ 5 ადამიანი, მათ შორის ერთის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. თავად თავდამსხმელი ყოფილი სამხედრო, 49 წლის ნოდარ
ათუაშვილი არის. შსს-ს ინფორმაციით, მან თავი მოიკლა.