ბავშვობიდან რაღაცები ახასიათებდა, მარტო გამარჯობას იძახდა და გარეთ არ გამოდიოდა - რას ამბობს თავდამსხმელის ახლობელი?
გუშინ, საგარეჯოში რუსთაველისა და კოსტავას ქუჩების კვეთაზე მდებარე საცხოვრებელი კორპუსის აივნიდან სროლა ღამის პირველი საათისთვის დაიწყო.
თავდამსხმელმა, ყოფილმა სამხედრომ ცეცხლი რამდენიმე მხრიდან გახსნა. დაღუპულია 6 ადამიანი, დაშავდა 5.
დაღუპულთა შორის არის საპატრულო პოლიციის თანამშრომელი.
შეგთხვევის ადგილას, შეკრებილები არიან დაღუპულებისა და დაშავებულების ოჯახის წევრები და ახლობლები.
ირკვევა, რომ თავდამსხმელი სოფელ მანავიდან იყო, სადაც მისი საცხოვრებელი სახლი 5 წლის წინ გაყიდა და საგარეჯოში გადავიდა.
მისი ახლობლები ამბობენ, რომ ის ყოველთვის კარჩაკეტილი ცხოვრებით ცხოვრობდა და ფაქტობრივად მათ არასდროს ეკონტაქტებოდა.
ახალგაზრდები მეზობლების გადარჩენას ცდილობდნენ და დაჭრილებს ეფარებოდნენ, თუმცა თავდამსხმელი პერიოდულად ხსნიდა ცეცხლს და არ აძლევდა მოქალაქეებს ადამიანების გადარჩენის საშუალებას. მოტივთან დაკავშირებით მათ საუბარი უჭირთ.
"ბავშვობიდან რაღაცები ახასიათებდა, მარტო გამარჯობას იძახდა და გარეთ არ გამოდიოდა. არავისთან ურთიერთობა არ ჰქონდა," - ამბობს ერთ-ერთი ახლობელი.
შეგახსენებთ, რომ 20 იანვარს ღამით საგარეჯოში, შეიარაღებულმა პირმა, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის აივნიდან მოქალაქეებს ავტომატით ცეცხლი გაუხსნა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაიღუპა 5 ადამიანი, მათ შორის ერთი პოლიციელი. დაჭრილია კიდევ 5 ადამიანი, მათ შორის ერთის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. თავად თავდამსხმელი ყოფილი სამხედრო, 49 წლის ნოდარ
ათუაშვილი არის. შსს-ს ინფორმაციით, მან თავი მოიკლა.
წყარო - რუსთავი2