"მისახმარებლად რომ მივიდა ჩემი შვილი, მეც დამაყარაო და ვინც მოსდევდა გვერდზე, ის მოკლა" - რას ამბობს საგარეჯოში დაჭრილი მოქალაქის დედა? (ვიდეო)
გუშინ, საგარეჯოში რუსთაველისა და კოსტავას ქუჩების კვეთაზე მდებარე საცხოვრებელი კორპუსის აივნიდან სროლა ღამის პირველი საათისთვის დაიწყო.
თავდამსხმელმა, ყოფილმა სამხედრომ ცეცხლი რამდენიმე მხრიდან გახსნა. დაღუპულია 6 ადამიანი, დაშავდა 5. დაღუპულთა შორის არის საპატრულო პოლიციის თანამშრომელი.
თავდასხმის დეტალების შესახებ დაჭრილის მშობლები საუბრობენ. როგორც აღმოჩნდა, დაჭრილი სიკვდილს იმით გადაურჩა, რომ მანქანას ამოეფარა.
"ჩემი შვილი დაბლა მეგობრებთან ერთად იყო, დაემშვიდობა და ამოვიდა სახლში. ზუსტად ამ დროს ესროლეს ამ ორ ბიჭს მაღლიდან. ორი ბიჭი დაიღუპა. როცა ჩემმა შვილმა დაინახა, რომ ესროლა, ისევ დაბლა დაბრუნდა. დაბლა ჩასული მისახმარებლად რომ მივიდა, ამბობს მეც დამაყარაო. ჩემ ბექას ვინც მოსდევდა, ის მოკლა. ჩემი შვილი მანქანას ამოეფარა. ქალი, კაცი, ვისაც დაინახავდა, ყველას ესროდა“,- ამბობს დაჭრილი მოქალაქის დედა.
შეგახსენებთ, რომ 20 იანვარს ღამით საგარეჯოში, შეიარაღებულმა პირმა, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის აივნიდან მოქალაქეებს ავტომატით ცეცხლი გაუხსნა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაიღუპა 5 ადამიანი, მათ შორის ერთი პოლიციელი. დაჭრილია კიდევ 5 ადამიანი, მათ შორის ერთის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. თავად თავდამსხმელი ყოფილი სამხედრო, 49 წლის ნოდარ
ათუაშვილი არის. შსს-ს ინფორმაციით, მან თავი მოიკლა.