ცოლს ამწარებდა, გაშველების დროს მეც ძალიან ბევრჯერ თოფით დამმუქრებია - რას ამბობს ადგილობრივი ყოფილ სამხედროზე, რომელიც საგარეჯოში ხალხს თავს დაესხა?
გუშინ, საგარეჯოში რუსთაველისა და კოსტავას ქუჩების კვეთაზე მდებარე საცხოვრებელი კორპუსის აივნიდან სროლა ღამის პირველი საათისთვის დაიწყო.
თავდამსხმელმა, ყოფილმა სამხედრომ, ნოდარ ათუაშვილიმა ცეცხლი რამდენიმე მხრიდან გახსნა. დაღუპულია 6 ადამიანი, დაშავდა 5. დაღუპულთა შორის არის საპატრულო პოლიციის თანამშრომელი.
ერთ-ერთი ადგილობრივის თქმით, თავდამსხმელი ნოდარ ათუაშვილი მეუღლესთან კონფლიქტისას გაშველების დროს, თოფით მასაც დამუქრებია.
"თავიდანვე არასერიოზულ საქციელებს სჩადიოდა. ცოლ-შვილთან არ ჰქონდა კარგი ურთიერთობა, ცოლს ძალიან ამწარებდა და ბევრჯერ ვარ ამათი შემთხვევის მოწმე და გამშველებელი. გაშველების დროს ძალიან ბევრჯერ დამმუქრებია მეც თოფით. ჯანმრთელი და ნორმალური ადამიანი, მეუღლეს ასე არ სცემს და ასე სადისტურად არ მოექცევა. საწყალ გოგოს ეშინოდა სიკვდილის და ყველაფერს მალავდა“, - ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი.
შეგახსენებთ, რომ 20 იანვარს ღამით საგარეჯოში, შეიარაღებულმა პირმა, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის აივნიდან მოქალაქეებს ავტომატით ცეცხლი გაუხსნა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაიღუპა 5 ადამიანი, მათ შორის ერთი პოლიციელი. დაჭრილია კიდევ 5 ადამიანი, მათ შორის ერთის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. თავად თავდამსხმელი ყოფილი სამხედრო, 49 წლის ნოდარ ათუაშვილი არის. შსს-ს ინფორმაციით, მან თავი მოიკლა.