"შეძრწუნებული ვარ საგარეჯოში მომხდარი შემზარავი ტრაგედიით, ვუსამძიმრებ გარდაცვლილთა ოჯახებს, მათ ახლობლებს, მთელ საქართველოს!" - კახა კალაძე
დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ სოციალურ ქსელში საგარეჯოში მომხდარი ტრაგედიის გამო მწუხარება გამოთქვა.
"შეძრწუნებული ვარ საგარეჯოში მომხდარი შემზარავი ტრაგედიით. ვუსამძიმრებ გარდაცვლილთა ოჯახებს, მათ ახლობლებს, მთელ საქართველოს! დაღუპულთა შორის არის პოლიციის თანამშრომელი, რომელიც სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა.
მინდა, სამძიმარი გამოვუცხადო შინაგან საქმეთა სამინისტროს, მინისტრ ვახტანგ გომელაურს! ამ მძიმე წუთებში მთელი საქართველო ლოცულობს დაშავებულთა ჯანმრთელობისთვის. მათ მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებ!"- წერს კალაძე.
შეგახსენებთ, რომ 20 იანვარს ღამით საგარეჯოში, შეიარაღებულმა პირმა, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის აივნიდან მოქალაქეებს ავტომატით ცეცხლი გაუხსნა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაიღუპა 5 ადამიანი, მათ შორის ერთი პოლიციელი. დაჭრილია კიდევ 5 ადამიანი, მათ შორის ერთის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. თავად თავდამსხმელი ყოფილი სამხედრო, 49 წლის ნოდარ ათუაშვილი არის. შსს-ს ინფორმაციით, მან თავი მოიკლა.