თეგებით ძიება

რაც იცხოვრეს ერთად, სულ ცემა-ბეგვაში... ერთხელ უდაბნოს გზაზეც მიატოვა... ახალ წლამდე ცოლი გააგდო სახლიდან - რას ამბობენ მეზობლები სამხედროზე, რომელმაც 5 კაცი მოკლა?

საგარეჯოში მომხდარი ტრაგედიის ანტიგმირზე ადგილობრივები ყვებიან. როგორც მეზობლები "რუსთავი2"-თან აცხადებენ, ნოდარ ათუაშვილი იყო მოძალადე და ის ფიზიკურად ხშირად უსწორდებოდა როგორც ყოფილ მეუღლეს, ასევე შვილს. ახალ წლამდე ცოტა ხნით ადრე კი მათ სახლის დატოვებაც მოსთხოვა.

ირკვევა, რომ ქალს შვილთან ერთად ყოფილმა მეუღლემ სახლის დატოვება აიძულა. მეზობლების განმარტებით, ნოდარ ათუაშვილის მხრიდან ქალი მუდმივად ძალადობის მსხვერპლი იყო. მასზე ძალადობდა როგორც ფსიქოლოგიურად, ასევე ფიზიკურად და ამის შესახებ მეზობლებმა იცოდნენ. მეტიც, ნოდარ ათუაშვილთან დაკავშირებით საუბრისას მეზობლებმა აღნიშნეს, რომ კაცი თავის შვილზეც ძალადობდა. ეს სწორედ ის შვილია, რომელიც გუშინ შემთხვევის დროს მის საცხოვრებელ სახლში იმყოფებოდა.

"რაც იცხოვრეს ერთად, სულ ცემა-ბეგვაში... ერთხელ უდაბნოს გზაზეც მიატოვა თურმე ნაცემი გოგო. მერე შემთხვევით რაღაც მანქანა გამოვიდა.. ეგ ომებში ნამყოფი ბიჭი რომ იყო, ეტყობა ვერ იყო კარგად. ხან ცოლს სცემდა, ხან გააგდებდა, ხან შეირიგებდა. მოუვლიდა რაღაცა და ხან ეჭვიანობდა და ხან რა. 2 კვირის წინ მოსულა და ეს გოგო გაუგდია ამ სახლიდან, ცოლი. წადი აქედანო, ჩემი ბინააო და წადიო," - აცხადებენ მეზობლები სოფელ მანავიდან.

შეგახსენებთ, რომ 20 იანვარს ღამით საგარეჯოში, შეიარაღებულმა პირმა, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის აივნიდან მოქალაქეებს ავტომატით ცეცხლი გაუხსნა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაიღუპა 5 ადამიანი, მათ შორის ერთი პოლიციელი. დაჭრილია კიდევ 5 ადამიანი, მათ შორის ერთის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. თავად თავდამსხმელი ყოფილი სამხედრო, 49 წლის ნოდარ ათუაშვილი არის. შსს-ს ინფორმაციით, მან თავი მოიკლა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა