ქუჩიდან დაიწყო სროლა, ზოგი მანქანის ქვეშ იმალებოდა, დაჭრილი ჩემი რძალი ბუჩქებში დაიმალა - ახალი დეტალები საგარეჯოს ტრაგედიაზე
ადგილობრივების ინფორმაციით, საგარეჯოში, ყოფილმა სამხედრომ სროლა ქუჩიდან დაიწყო და სემდეგ ავიდა საკუთარ სახლში.
როგორც მანანა სიმონიშვილი ამბობს, რომ თავდამსხმელი არაფერს ამბობდა, უბრალოდ უმისამართოდ ისროდა.
"ჩემი რძალი არის დაშავებული, ჩემი შვილი გადარჩენილია, ქვედა კიდურების დაზიანება აქვს. გაუკეთდა ოპერაცია, ამოღებულია ორი ტყვია ერთი კიდურიდან და სტაბილურია მდგომარეობა. არ მეძინა ჯერ კიდევ, თავდასხმა დაიწყო ზუსტად პირველის ათ წუთზე, სროლის ხმა გავიგე. დაიწყო ჩვენი კორპუსებიდან და წავიდა ზევით ხმა, სადაც მისი კორპუსია. 20 წუთი მაინც ისროდა [ქუჩაში], მერე გაჩერდებოდა, ისროდა გაჩერდებოდა. მერე მივიდა თავის კორპუსთან, ავიდა სახლში და იქიდან განახორციელა სროლა.
ჩემი შვილი მარკეტში წავიდა და მეუღლეც გაჰყვა. ინფორმაცია მაქვს, რომ მაღაზიაშივე დაიჭრნენ. რომ გამოვიდნენ ისევ იყო სროლები, ზოგი მანქანების ქვეშ იმალებოდა, ჩემი რძალი დაჭრილი ბუჩქებში გადასულიყო და იქ დამალულიყო",- ამბობს ის.
შეგახსენებთ, რომ 20 იანვარს ღამით საგარეჯოში, შეიარაღებულმა პირმა, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის აივნიდან მოქალაქეებს ავტომატით ცეცხლი გაუხსნა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაიღუპა 5 ადამიანი, მათ შორის ერთი პოლიციელი. დაჭრილია კიდევ 5 ადამიანი, მათ შორის ერთის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. თავად თავდამსხმელი ყოფილი სამხედრო, 49 წლის ნოდარ ათუაშვილი არის. შსს-ს ინფორმაციით, მან თავი მოიკლა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს.
წყარო: mtavari.tv