გამოძიება დაადგენს, თუ რა იყო მომხდარი საზარელი მკვლელობის გამომწვევი მიზეზი - რას ამბობს ჯუანშერ ბურჭულაძე?
საქართველოს თავდაცვის მინისტრი, ჯუანშერ ბურჭულაძე საგარეჯოში მომხდარ ტრაგედიას გამოეხმაურა და დაღუპულთა ოჯახებს მიუსამძიმრა, ხოლო დაშავებულებს გამოჯანმრთელება უსურვა.
„მინდა, მივუსამძიმრო საგარეჯოში დაღუპულების ოჯახებს. გამოძიება დაადგენს, თუ რა იყო მომხდარი საზარელი მკვლელობის გამომწვევი მიზეზი. მინდა, კიდევ ერთხელ მივუსამძიმრო ყველა დაღუპულის ოჯახის წევრებს და ასევე, დაშავებულებს ვუსურვო ჯანმრთელობა“, – განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ, რომელიც ოფიციალური ვიზიტით გერმანიაში იმყოფება და რამშტაინის საჰაერო ბაზაზე უკრაინის საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრას ესწრება.
შეგახსენებთ, რომ 20 იანვარს ღამით საგარეჯოში, შეიარაღებულმა პირმა, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის აივნიდან მოქალაქეებს ავტომატით ცეცხლი გაუხსნა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაიღუპა 5 ადამიანი, მათ შორის ერთი პოლიციელი. დაჭრილია კიდევ 5 ადამიანი, მათ შორის ერთის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. თავად თავდამსხმელი ყოფილი სამხედრო, 49 წლის ნოდარ ათუაშვილი არის. შსს-ს ინფორმაციით, მან თავი მოიკლა.