„ახლა ალაპარაკებულ მოწმეებს, რომ თავის დროზე ემხილებინათ მოძალადე, მინიმუმ იარაღი მაინც ექნებოდა ჩამორთმეული“ - ბაია პატარაია
უფლებადამცველი, ბაია პატარაია საგარეჯოში მომხდარ საზარელ ტრაგედიას ეხმაურება და სოციალურ ქსელში წერს, რომ ცოლ-შვილზე მოძალადე კაცი საზოგადოებისთვისაც საშიშია.
„ვეცნობი კომენტარებს და უმრავლესობა გვერდს უვლის იმ ამბავს, რომ მკვლელი სამხედრო წლების განმავლობაში სცემდა ცოლ-შვილს.
ამაზე ყველა დუმდა...
ცოლ-შვილის მცემელი კაცი საზოგადოებისთვის საშიშია.
მსხვერპლს ხშირად არ აქვს ძალა, პოლიციის იმედი და ვერ ჩივის. ამიტომ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია სხვა პირების აქტიურობა ოჯახში ძალადობის დროს. გახსოვდეთ, რომ თუ მოწმეები დროულად ხმას ამოიღებენ, გამამტყუნებელი განაჩენი შეიძლება მსხვერპლის დუმილის შემთხვევაშიც კი დადგეს.
ახლა ალაპარაკებულ მოწმეებს, რომ თავის დროზე ემხილებინათ მოძალადე, მინიმუმ იარაღი მაინც ექნებოდა ჩამორთმეული იმ კაცს, რადგან პოლიცია პირველ რიგში იარაღს ართმევს ოჯახში მოძალადეს შემაკავებელი ორდერით.
ფსიქიკური ჯანმრთელობის სერვისები რომ უკიდურესად განუვითარებელია ამ ქვეყანაში, ამაზე აღარ განვმეორდები“, - წერს პატარაია.
შეგახსენებთ, რომ 20 იანვარს ღამით საგარეჯოში, შეიარაღებულმა პირმა, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის აივნიდან მოქალაქეებს ავტომატით ცეცხლი გაუხსნა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაიღუპა 5 ადამიანი, მათ შორის ერთი პოლიციელი. დაჭრილია კიდევ 5 ადამიანი, მათ შორის ერთის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. თავად თავდამსხმელი ყოფილი სამხედრო, 49 წლის ნოდარ ათუაშვილი არის. შსს-ს ინფორმაციით, მან თავი მოიკლა.
ვეცნობი კომენტარებს და უმრავლესობა გვერდს უვლის იმ ამბავს, რომ მკვლელი სამხედრო წლების განმავლობაში სცემდა...Опубликовано Baia Pataraia Пятница, 20 января 2023 г.