თეგებით ძიება

„ცოტა ხანში 24 საათი გავა საგარეჯოში მომხდარი სისხლიანი მკვლელობებიდან და ის, რაც გვაინტერესებს ისევ არ მოგვისმენია“ - თამო კეშელავა

ჟურნალისტი, თამო კეშელავა საგარეჯოში მომხდარ ტრაგედიას სოციალურ ქსელში ეხმაურება და წერს.

„ცოტა ხანში 24 საათი გავა საგარეჯოში მომხდარი სისხლიანი მკვლელობებიდან და ის, რაც გვაინტერესებს ისევ არ მოგვისმენია.
ყოფილი სამხედროს მეზობელი ამბობს, სროლა დაიწყო 00.10–00.15 საათზეო, ანუ, პირველის წუთებზე.
პირველი ინფორმაცია გავრცელდა, დაახლოებით 1 საათის მერე სოციალურ ქსელში, მედიამ ინფორმაციის გავრცელება დაიწყო მხოლოდ ღამის სამი საათისთვის. თითქმის 2 საათი და 40 წუთის შემდეგ.
შსს–ს პირველი კომენტარი გამოქვეყნდა დაახლოებით ოთხის ნახევრისთვის და თქვა, რამდენიმე ადამიანია მოკლულიო.
ოთხის ნახევრამდე ვრცელდებოდა ქუჩაში დაყრილი ცხედრების ფოტოები და არავინ ვიცოდით რამდენი იყო გარდაცვლილი. ვრცელდებოდა სხვადასხვა ინფორმაცია. რამდენიმე ადამიანი ერთზე მეტია ცხადია, მაგრამ რამდენიმე შეიძლება იყოს ბევრად მეტიც, ხომ?
თავდამსხმელი რომ მკვდარი იყო, ამის შესახებ პირველი ინფორმაცია ისევ სოც ქსელში გავრცელდა, და მერე მედიაში.
დაახლოებით 5 საათისთვის გავრცელდა შსს–ს ინფორმაცია დაჭრილებზე და გარდაცვლილებზე, მინისტრის ინტერვიუს შემდეგ, სისხლიანი ქუჩების მორეცხვა დაიწყეს – ანუ, პირველადი საგამოძიებო ღონისძიებები რომ დასრულდა, ნიმუშები აიღეს, და ყველა საქმეს მორჩნენ, მერე.
მინისტრმა გვითხრა, მეც ვღელავო – არა, მე არ მინდა შს მინისტრი, რომელიც ჟურნალისტებთან ვერ ინარჩუნებს სიმშვიდეს, რადგან ის ისეთ სამსახურშია ეგეთ დროს, არ უნდა ღელავდეს და თუ ღელავს, მე, მოქალაქეს ეს არ უნდა მიპასუხოს, მიშტერებული რომ ვარ სოციალურ ქსელს 5 საათია, რათა გავიგო რა მოხდა. პირიქით, უნდა მითხრას, რომ სიტუაციას აკონტროლებს, თუ აკონტროლებს, ცხადია.
მინისტრმა უპასუხა იმ კითხვებს, რომელზეც შეიძლებოდა საერთოდ არ ეპასუხა, მაგალითად, სრულიად გაუგებარია რატომ მოყვა პირდაპირ ეთერში, სპეცრაზმი რომ შევიდა რა პოზაში დახვდა თავდამსხმელი, როგორ ჩამოდიოდა თავიდან სისხლი და ა.შ. – ეს არ იყო მთავარი და არც ახლაა მთავარი. ეს დეტალები საერთოდ არ იყო მოქალაქისთვის საჭირო. ეს შეიძლება, ოდესმე დაწეროს მემუარებში.
მოქალაქეს უნდა მოესმინა შემდეგი:
როდის შევიდა ზარი შსს–ში, როდის შეიტყვეს.
რამდენად სწორად მოხდა ტერიტორიის შემოფარგვლა ადგილზე მისული პოლიციის მიერ და შესაძლებელი იყო, თუ არა, პოლიციის სიცოცხლის გადარჩენა.
რამდენ ხანში მივიდა პოლიცია? – მსროლელი პოლიციის მერეც აგრძელებს სროლას და კლავს პოლიციელს – მაინც რამდენი ხანი აგრძელებდა სროლას?
როგორ მოხდა, რომ ადგილზე, სადაც იყო მსროლელი და ვინაობის დადგენა ოპერატორსაც შეეძლო, რადგან ყველა თვითმხილველმა იცოდა საიდან ესროდნენ – მოხვდნენ პოლიციელები, რომლებიც არ იყვნენ შესაბამისად აღჭურვილნი და თუ იყვნენ შესაბამისად აღჭურვილნი, რა სახის ტყვიადამცავი საშუალება ჰქონდათ და რატომ არ იმუშავა?
უნდა გვითხრას, ჰყავს თუ არა რეგიონებში საპოლიციო ძალები და სნაიპერები,, ვისაც ტერორიზმთან, ან მსგავსი ტიპის დანაშაულთან და მსროლელთან გამკლავება შეუძლიათ და თუ ჰყავს რატომ არ გამოიყენა და თუ არ ჰყავს, რატომ არ ჰყავს.
უნდა გვითხრას, რა დროში ჩავიდა ადგილზე სპეცრაზმი.
უნდა გვითხრას, რა დროში მოახერხა ტერიტორიიდან დაჭრილების და უკვე გარდაცვლილების გაყვანა და რატომ ვერ მოახერხა უფრო მოკლე დროში.
ერთ–ერთი მეზობელი მედიასთან ამბობს, სახლში ვიყავი და ერთი სული მქონდა ჩამოვსულიყავი და გამეგო, რამდენი ადამიანი დაიღუპა და ვინო...
გასროლამდე იყო აფეთქება. იყო ისევ აფეთქები საშიშროება – მოხდა, თუ არა შენობაში მცხოვრებ ადამიანთა ევაკუაცია და როდის?
შს მინისტრმა უნდა გვითხრას, რამდენად სწორად ჩატარდა ოპერაცია, თუ ჩატარდა საერთოდ, რადგან რაც გამთენიოს მითხრა, ასე ჟღერდა – მსროლელმა ისროლა, ისროლა, ისროლა და მერე თავი მოიკლა, ლიკვიდაცია კი არ მოხდა მისი სპეც. რაზმის მიერ – დაასრულა სროლა და თავი მოიკლა და მართლა ასე იყო?
რაც შეეხება დროს – ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია დრო, რადგან, ამ დროის მანძილზე შსს–ს უნდა ჰყოლოდა სპიკერი, რომელიც ხალხს მიაწვდიდა ინფორმაციას. იმას კი არ მოყვებოდა, ვის დაიდან წამოუვიდა სისხლი, არა, მიაწვდიდა ინფორმაციას ისე, როგორც მიღებული – მაგალითად, აი, ამწამს მოსახლეობის ევაკუაცია დასრულებულია, სპეცრაზმი პერიმეტრს აკონტროლებს და ა.შ. განცდა რომ სიტუაცია იყო კონტროლირებადი არ არსებობდა, საერთოდ არ არსებობდა პირველ საათებში და მოგვიანებით, ამ განცდის შექმნაზე შსს–ს არ უზრუნია, ისევ ჩემმა კოლეგებმა შექმნეს მერე ეს განცდა იმ ვიდეოჩართვებით, სადაც ზოგს კითხვა არ მოგეწონათ, ზოგს ტონი. არც მე მომწონს ყველაფერი.
მეტიც, ამ სიჩუმემ გააჩინა განცდა რომ მსხვერპლი ბევრად მეტია, რომ მსროლელი გაქცეულია და ქალაქი არაა უსაფრთხოდ და ა.შ.
სხვათა შორის, აქვე ვიტყვი, შეთქმულების თეორიებზე და ჭორებზე ასევე საუკეთესოდ მოქმედებს ძალოვანი მინისტრის ფრაზები – ყველაფერს ხომ ვერ გეტყვით – რომ ამბობენ ხოლმე. შენ ყველაფერი არ უნდა თქვა, ეს ისედაც ცხადია, ის რაც გამოძიებას დააზიანებს, რომ არ უნდა თქვა, ისედაც ვიცით, როცა მინისტრი ამბობს, რომ ყველაფერს ვერ იტყვი, მაშინვე, იმ წამსვე იბადება ფანტაზიის მარცვალი და იზრდება შიშთან ერთად.
მეტიც, როცა მსროლელი დაიღუპა, ეგაც კი არ გვითხრა შსს–მ, აქაც კი მოქალაქეებმა დაასწრეს – არადა, ხალხის დასამშვიდებლად და იმის საჩვენებლად, რომ სიტუაციას აკონტროლებენ, ამ ინფორმაციის გამჟღავნება იყო უმნიშვნელოვანესი.
შსს–მ უნდა გვითხრას, როგორ მოხდა, რომ მას, ძალოვან უწყებას, რომელიც მოქალაქეების სიცოცხლეზეა პასუხისმგებელი, მოქალაქეებმა დაასწრეს განცხადების გავრცელება.
შს მინისტრმა, მე ასე გავიგე, რომ თქვა, გამნაღმველები მერე მოვიყვანეთო და იმედია, არასწორად გავიგე და სპეცრაზმთან ერთად მივიდნენ გამნაღმველებიც.
რაც შეეხება ექსპერტიზას – ექსპერტიზას პროკურატურამ აუცილებლად უნდა დაუსვას კითხა – იყო, თუ არა ჭრილობები სასიკვდილო და რით გარდაიცვალნენ, ასევე გარდაცვალების მაქსიმალურად მიახლოებული დრო – ამით მათ ვერაფერს ვუშველით, მაგრამ ის მაინც გვეცოდინება, ამ თქვენი წარმატებული ოპერაციის, უფრო წარმატებით შესრულების შემთხვევაში, არსებობდა თუ არა მათი გადარჩენის გზა.
რაც შეეხება თავდაცვის სამინისტროს, რომელიც მხოლოდ სამძიმრით შემოიფარგლა, მას შეეძლო ეთქვა მსროლელის კონტრაქტის დროს, თუნდაც ბოლო თვეებში, ჰქონდა თუ არა ინფორმაცია მის ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე და თუ ჰქონდა როგორი და თუ არ ჰქონდა, რატომ არ ჰქონდა.
რაც შეეხება იმას, რომ თურმე ყველა სამხედროს უნდა უმკურნალონ, სრული სიგიჟეა, იმას უნდა უმკურნალონ, ვისაც სჭირდება.
სჭირდება ფსიქოლოგის ან ფსიქიატრის კონსულტაციები? არის ფსიქოტროპულ მედიკამენტზე? – უნდა უზრუნველჰყონ მისი მკურნალობა, თორემ, ასე კონტროლდებოდნენ და მათი პირადი მონაცემი ვინმეს ხელში იყოს, ვის აქვს მაგის უფლება.
რაც შეეხება ფსიქოტროპულს, პრინციპში, რაში სჭირდება მაგისთვის პაციენტს ფსიქიატრი – წავა და ნებისმიერ აფთიაქში იყიდის ლამის და მხოლოდ ფსიქოტროპული რომ შველიდეს საქმეს, რაღა გვიჭირდა.
მთავრობამ უნდა თქვას, რას უპირებენ და როდემდე უპირებენ ვეტერანებს ასეთ ყოფაში დატოვებას, მიტოვებას, უფულოდ, კაპიკების იმედად, საშინელი დაზღვევით.
მოქალაქეებმა კი უნდა მოვითხოვოთ, მოვითხოვოთ, მოვითხოვოთ და ვაიძულოთ ისე კი არ მოიქცნენ, როგორც მათ უნდათ, არამედ ისე, როგორც ჩვენ, ხალხს გვინდა და თავდაცვის სამინისტრო კიდევ ერთ კლიპს რომ გადაიღებს და გამოფენს – მოდი კონტრაქტზე, ხელფასს გადაგიხდი, ფორმას მოგცემო და ბედნიერ სახეებს რომ გვაჩვენებს იმ ვიდეოში, ვალდებული უნდა იყოს, წესით, იგივე ვიდეოში ისიც გვაჩვენოს, რა დღეში ჰყავს დატოვებული ვეტერანები – ყველას აქვს უფლება იცოდეს, რა ელის ამ სამსახურის ბოლოს, როცა ისწავლის, გახდება კარგი ჯარისკაცი, იბრძოლებს, დაიჭრება, გადარჩება და პენსიაზე გავა – უნდა იცოდეს, რომ თვეში 100 ლარი დარჩება მისი პროფესიიდან“. - წერს კეშელავა.

შეგახსენებთ, რომ 20 იანვარს ღამით საგარეჯოში, შეიარაღებულმა პირმა, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის აივნიდან მოქალაქეებს ავტომატით ცეცხლი გაუხსნა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაიღუპა 5 ადამიანი, მათ შორის ერთი პოლიციელი. დაჭრილია კიდევ 5 ადამიანი, მათ შორის ერთის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. თავად თავდამსხმელი ყოფილი სამხედრო, 49 წლის ნოდარ ათუაშვილი არის. შსს-ს ინფორმაციით, მან თავი მოიკლა.

ცოტა ხანში 24 საათი გავა საგარეჯოში მომხდარი სისხლიანი მკვლელობებიდან და ის, რაც გვაინტერესებს ისევ არ მოგვისმენია....Опубликовано თამო კეშა Пятница, 20 января 2023 г.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა