საგარეჯოში მომხდარი თავდასხმის შედეგად დაჭრილებისთვის პარაკლისი შესრულდა
საგარეჯოში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით, საგარეჯოსა და ნინოწმინდის ეპარქიის სასულიერო პირებმა საგარეჯოს კულტურის სახლის მიმდებარედ თავდასხმის შედეგად დაშავებულების ჯანმრთელობის პარაკლისი აღავლინეს.
პარაკლისის შემდეგ მათ ტრაგედიის ადგილზე გადაინაცვლეს და გარდაცვლილების სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადეს, რომელსაც საგარეჯოს მცხოვრებლები და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ.
შეგახსენებთ, რომ 20 იანვარს გვიან ღამით საგარეჯოში, შეიარაღებულმა პირმა, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის აივნიდან მოქალაქეებს ავტომატით ცეცხლი გაუხსნა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაიღუპა 5 ადამიანი, მათ შორის ერთი პოლიციელი. დაჭრილია კიდევ 5 ადამიანი, მათ შორის ერთის მდგომარეობა მძიმეა. არსებული ცნობით, თავდამსხმელმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა, ის სპეცრაზმს ბინაში უკვე გარდაცვლილი დახვდა.