უკვე უღალატე შენს ქვეყანას - რას ამბობს პაატა მანჯგალაძე ირაკლი კობახიძეზე?
„სტრატეგია აღმაშენებლის“ დეპუტატმა, პაატა მანჯგალაძემ რუსეთთან ფრენების შესაძლო აღდგენასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ "ქართული ოცნების" სახემ ირაკლი კობახიძე საქართველოს უღალატა.
როგორც პაატა მანჯგალაძემ აღნიშნა, ფრენების აღდგენა რუსეთისგან ერთგვარი „ჯილდოა“, რუსეთ-უკრაინის ომის განმავლობაში, ქართული ანტისახელმწიფოებრივი ქმედებებისთვის.
„არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ რუსეთმა საქართველოში ფრენები მას შემდეგ შეზღუდა, რაც ქართველებმა „გავრილოვის ღამეს“ ღირსებისა და თავისუფლების სურვილი გამოვხატეთ. ახლა საუბრობენ იმაზე, რომ საქართველომ დასავლეთის ზეწოლას გაუძლო და ფრენების აღდგენა დაიმსახურა. რა თქმა უნდა, ფრენების წინააღმდეგი არ ვარ, მაგრამ თუ ეს თავისუფლების ფასად უნდა დაგვიჯდეს, ასეთი ფრენები არაფრად ღირს. ეს რუსეთისგან არის ერთგვარი „ჯილდო“, რუსეთ-უკრაინის ომის განმავლობაში, ქართული ანტისახელმწიფოებრივი ქმედებებისთვის.
ძალიან ცუდია, რომ ირაკლი კობახიძემ „გავრილოვის ღამის“ შემდეგ ვერ ისწავლა ჭკუა და ისევ გავრილოვის ჭკუაზე სიარული დაიწყო. პირდაპირ გეტყვით, კობახიძეს მივმართავ, როცა გაქებს გავრილოვი, მოსწონხარ ლავროვს, ასევე, სხვა რუს პროპაგანდისტებს, ანუ მოსწონხარ მტერს, ეს ნიშნავს, რომ შენ უკვე უღალატე შენს ქვეყანას. კიდევ ერთხელ ვამბობ, თუ აღდგენილ ფრენებში უნდა გადავიხადოთ ჩვენი გეოპოლიტიკური არჩევანი, ეს საქართველოს არ უღირს.
ცნობისთვის, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ შესაძლოა საქართველოსთან ფრენები აღდგეს.