2000-ზე მეტი სკოლა დირექტორის გარეშეა დარჩენილი - რას ამბობს ანა ნაცვლიშვილი?
„ლელოს“ საპარლამენტო ჯგუფის ერთ-ერთი ლიდერი, ანა ნაცვლიშვილი აცხადებს, რომ 2000-ზე მეტი სკოლა დირექტორის გარეშეა დარჩენილი.
მისივე განმარტებით, რამდენიმე კვირის წინ სადეპუტატო კითხვით მიმართა სამინისტროს და ოფიციალური პასუხი მიიღო, რითაც დასტურდება, რომ ორ წელიწადზე მეტია, სკოლებს, ყოველგვარი დასაბუთების და კრიტერიუმების გარეშე, მინისტრის მიერ ერთპიროვნულად დანიშნული დირექტორის მოვალეობის შემსრულებლები მართავენ, საქართველოს მასშტაბით კი, ასეთი 2000-ზე მეტი სკოლაა.
ამასთან, როგორც ნაცვლიშვილი აცხადებს, 21 000-ზე მეტმა მოსწავლემ ეს სასწავლო სემესტრი კვლავ ვერ დაიწყო საკუთარ სკოლაში, საქართველოში 40-ზე მეტ სკოლას, გაჭიანურებული სარემონტო სამუშაოების გამო, სხვა სკოლებში და ალტერნატიულ შენობებში უწევთ სასწავლო პროცესის წარმართვა.
მისივე შეფასებით, ეს სერიოზული პრობლემაა, როგორც შენობის გარეშე დარჩენილი მოსწავლე-მასწავლებლებისთვის, ასევე მიმღები სასწავლო დაწესებულებებისთვის, სადაც იძულებულნი არიან სწავლა ორ ცვლაში წარმართონ.
„განათლების სისტემაში და სკოლებში არსებულ პრობლემებთან დაკავშირებით, დეპუტატმა უკვე მიმართა მუნიციპალური განვითარების ფონდს, უწყებას, ვინც პასუხისმგებელია რეაბილიტაციის პროცესსა და შესაბამის ტენდერებზე, ასევე მიმართა სახელმწიფო აუდიტის სამსახურს მოთხოვნით, მიმდინარე წელს განახორციელოს საჯარო სკოლების რეაბილიტაციის და მასთან დაკავშირებული სახელმწიფო შესყიდვების პროცესის აუდიტი", - ამბობს ნაცვლიშვილი.