ტყვია ახლაც ფეხშია დარჩენილი. მაღაზიასთან გარე პერიმეტრზე ყვირილი იყო, შიგნით შევედი ჩემი თანამშრომლის დასახმარებლად - რას ამბობს საგარეჯოს ტრაგედიის თვითმხილველი? (ვიდეო)
საგარეჯოში მომხდარი სროლის დეტალებს, ერთ-ერთი დაჭრილი იხსენებს და ამბობს, რომ თავდამსხმელს, 48 წლის ნოდარ ათუაშვილს არ იცნობდა.
"ცეცხლსასროლი იარაღით მივიღე ჭრილობა. ტყვია ახლაც ფეხშია დარჩენილი. მაღაზიასთან გარე პერიმეტრზე ყვირილი იყო. შიგნით შევედი ჩემი თანამშრომლის დასახმარებლად, ლიზას დასახმარებლად. შეეშინდა ძალიან, გარეთ იდგა, მინდოდა შიგნით შემეყვანა, ან უსაფრთხო ადგილას გადამეყვანა, მაგრამ აღარ დამცალდა ტყვია მომხვდა ფეხში", - ამბობს საგარეჯოში დაჭრილი კაცი.
შეგახსენებთ, რომ 20 იანვარს ღამით საგარეჯოში, შეიარაღებულმა პირმა, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის აივნიდან მოქალაქეებს ავტომატით ცეცხლი გაუხსნა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაიღუპა 5 ადამიანი, მათ შორის ერთი პოლიციელი. დაჭრილია კიდევ 5 ადამიანი, მათ შორის ერთის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. თავად თავდამსხმელი ყოფილი სამხედრო, 49 წლის ნოდარ ათუაშვილი არის. შსს-ს ინფორმაციით, მან თავი მოიკლა.