ჯო ბაიდენის სახლში კიდევ ექვსი საიდუმლო დოკუმენტი აღმოაჩინეს
აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის დელავერის სახლში იუსტიციის დეპარტამენტმა საიდუმლო დოკუმენტების ახალი პარტია აღმოაჩინა. ამის შესახებ ინფორმაციას ბაიდენის ადვოკატი ავრცელებს.
ადვოკატის განცხადებით, პრეზიდენტის სახლში 13-საათიანი ჩხრეკის შემდეგ კიდევ ექვსი საიდუმლო დოკუმენტი იპოვეს.
ზოგიერთი დოკუმენტი იმ პერიოდს მიეკუთვნება, როდესაც ბაიდენი სენატორი იყო, ხოლო სხვები მისი ვიცე-პრეზიდენტობის დროინდელია. ადვოკატის ცნობით, ჩხრეკის შედეგად ამოღებულია აშშ-ის პრეზიდენტის ხელნაწერი შენიშვნები და თანამდევი მასალა.
ჯამში ნაპოვნია ოცამდე საიდუმლო დოკუმენტი. მათი ნაწილი "პენ ბაიდენის ცენტრის ოფისში" აღმოაჩინეს, ხოლო ნაწილი ბაიდენის დელავერის სახლში.
მომხდარზე გამოძიება გრძელდება.