მშობლების მკვლელობაში ბრალდებულ, გიორგი ბეროზაშვილს უვადო პატიმრობა მიუსაჯეს
ვაზისუბანში, მშობლების მკვლელობაში ბრალდებულ გიორგი ბეროზაშვილს უვადო პატიმრობა მიუსაჯეს.
მას ბრალად ედებოდა უმწეო მდგომარეობაში მყოფი მშობლების მკვლელობა და კვალის დაფარვის მიზნით სახლისთვის ცეცხლის წაკიდება.
განაჩენი თბილისის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა გამოაცხადა.
შეგახსენებთ, 2022 წლის 27 აპრილს ისანი-სამგორის მთავარ სამმართველოში შევიდა შეტყობინება, რომ თბილისში, ვაზისუბნის მე-4 მიკრორაიონში, ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში ხანძარი იყო.
ადგილზე მისულ სამაშველო სამსახურის თანამშრომლებს ბინის კარი შიგნიდან ურდულით ჩაკეტილი დახვდათ. ბინაში შეღწევის და ხანძრის ლიკვიდაციის შემდეგ, ნანახი იქნა 1964 წელს დაბადებული ზ.ბ.-ის და მისი მეუღლის - 1967 წელს დაბადებული ლ.თ.-ის დამწვარი ცხედრები, რომლებსაც თავის არეში ცეცხლნასროლი ჭრილობები აღენიშნებოდათ.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა საცხოვრებელ ბინაში მძინარე მშობლებს - ზ.ბ.-ს და ლ.თ.-ს ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით თავის არეში დაზიანებები მიაყენა, რის შედეგადაც ორივე მათგანი ადგილზე გარდაიცვალა.